,,არა ნიშნავს არას” – ეს ფრაზა წლებია ქალთა უფლებადამცველების სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სლოგანია. სექსუალური ძალადობა გენდერული ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ფარული ფორმაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურება განმარტებულია როგორც პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის, ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
როგორც ქალთა უფლებების დამცველები ამბობენ, ამჟამად საქართველოს კანონმდებლობაში უგულებელყოფილია თანხმობის არარსებობის საკითხი. მათი თქმით, სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეები საქართველოში ისჯებიან მხოლოდ მაშინ, თუ მოძალადემ გამოიყენა ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც მსხვერპლმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები. ფიზიკური დაზიანებების არ არსებობის შემთხვევაში კანონი გაუპატიურების მუხლით დავის საფუძველს არ იძლევა, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული თანხმობის კომპონენტი.
ეს საკითხი ხაზგასმულია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშშიც, სადაც საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესია შეფასებული.
გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სტამბოლის კონვენციას (რომელიც თანხმობის არარსებობას ეფუძნება). ინსტიტუციურ დონეზე მოქმედებს და კარგად არის განსაზღვრული გენდერულ ძალადობაზე რეაგირების ფორმები. თუმცა დამცავი ზომები, მხარდაჭერის სერვისები და თავშესაფრის შემდგომი ზრუნვის შესაძლებლობები საჭიროებს გაუმჯობესებას.
საკანონმდებლო ხარვეზებთან ერთად საქართველოში გაუპატიურების დაუსჯელობას საზიანო კულტურული ნორმები და საზოგადოებაში გავრცელებული მითებიც უწყობს ხელს.
ქალთა უფლებადამცველების საინფორმაციო კამპანია 8 მარტს გაიხსნა და 30 მარტამდე გაგრძელდება. მათი მოთხოვნაა დასრულდეს სქესობრივი დანაშაულების დაუსჯელობა, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია და თანხმობა განისაზღვრებოდეს როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი.