მთავარიმსოფლიოშოკოლადის ფასი იზრდება

შოკოლადის ფასი იზრდება

განასა და კოტ-დ’ივუარში კაკაოს პლანტაციებში გავრცელებული დაავადებების შედეგად წელს ფერმერები მცირე მოსავალს ელიან

დასავლეთ აფრიკაში კაკაოს მწარმოებლები  ყურადღებით აკვირდებიან მცენარეთა დაავადებებს, რომლებიც აზიანებენ კაკაოს მოსავალს და რეკორდულად ზრდიან იმ ნედლეულის ფასებს, რომელიც შოკოლადის წარმოებისთვის გამოიყენება. 

კოტივუარის დედაქალაქიდან 250 კილომეტრში მდებარე ფერმაში ოლივერ გნაკომენმა გვიან გააცნობიერა, რომ მის მოსავალს სოკოვანი დაავადება მოედო. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, შეეჩერებინა დაავადების გავრცელება, მას წელს მწირი მოსავალი ექნება

მისი თქმით, თუ პესტიციდებს დროულად არ დაასხამ, დაავადება გავრცელებას დაიწყებს და შესაძლოა, ყველაფერი დაკარგო. ამ დაავადების გამო კაკაო შავდება,  წიპწა კარგავს წონას და იწყებს ლპობას. ამიტომ დროულად მოქმედებაა საჭირო.

კოტივუარი და მისი მეზობელი განა ერთად კაკაოს მსოფლიო მოთხოვნის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფენ. კიდევ ერთი ვირუსი, რომელიც ამ ქვეყნებშია გავრცელებული, მოსავლიანობას ამცირებს და საბოლოო ჯამში ხის გახმობას იწვევს. პრობლემის მოგვარება კი მხოლოდ ხის მოჭრით არის შესაძლებელი.

კაკაოს მწარმოებელთა პროფკავშირების პრეზიდენტის მუსა კონეს თქმით,  ნერგები და თესლი ნადგურდება. ადამიანს ეგონება, რომ პლანტაციას ხანძარმა გადაუარა. დაავადების შედეგად კაკაოს ხეები ზოგიერთ ადგილას მთლიანად გაქრა.

ანალიტიკოსების აზრით, გლობალურ ბაზარზე კაკაოსა და შოკოლადის  ღირებულება 2022 წელს არსებული 48 მილიარდი დოლარიდან 2029 წლისთვის 68 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.  ამასთანვე, იმატებს წარმოების ხარჯები.  ფერმერები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ფერმერები და მათი წარმომადგენლები აბიჯანში იკრიბებიან, რათა პროფკავშირების ხელმძღვანელს შეხვდნენ და განიხილონ, თუ როგორ შეიძლება მათი დახმარება.

დალოას ფერმერთა კოოპერატივის მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ბალამინ კონე ვარაუდობს, რომ მოთხოვნის გაზრდის ფონზე მიწოდება შემცირდება. შესაბამისად, ფასი ავტომატურად მოიმატებს.  ეს კი, მისი თქმით,  გავლენას იქონიებს პროდუქტზე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია,  რადგან შოკოლადის რამდენიმე მწარმოებელმა უკვე გაზარდა ფასები თავის პროდუქციაზე.

ექსპერტთა აზრით, წარმოების შემცირება გრძელვადიან შედეგს იქონიებს შოკოლადის საერთაშორისო ბაზარზე. ვარაუდობენ, რომ   განსაკუთრებით აზიაში შოკოლადზე დიდი მოთხოვნისა და მიწოდების შემცირების გამო ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend