OpenAI-მ უპასუხა ილონ მასკს, რომელმაც გასულ კვირას სასამართლოში უჩივლა ChatGPT-ის შემქმნელ კომპანიას იმაში, რომ მათი მთავარი მიზანი ფულადი მოგება გახდა და არაკომერციული მიზნები აღარ არის პრიორიტეტი.
OpenAI -მ ოფიციალურ ბლოგში გამოაქვეყნა ილონ მასკის რამდენიმე ელექტრონული წერილი. წერილების მიხედვით მასკი აღიარებს, რომ OpenAI-ს სჭირდება ძალიან დიდი თანხების გამომუშავება იმისათვის, რომ დააფინანსოს თითქმის წარმოუდგენელი კომპიუტერული რესურსები, რაც ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება გასაძლიერებლად.
ელექტრონულ წერილში მასკი ამტკიცებს, რომ კომპანიას პრაქტიკულად არ აქვს შანსი, შექმნას წარმატებული გენერაციული AI პლატფორმა მხოლოდ ფულადი სახსრების მოზიდვით, არამედ კომპანიას სჭირდებოდა ასევე შემოსავლების ალტერნატიული წყაროების ძებნა.
ამ დისკუსიების დროს, OpenAI-ს მტკიცებით, მასკმა ასევე შესთავაზა კომპანიას გაერთიანებულიყო მასკის ავტომობილების კომპანია Tesla-სთან, როგორც ბლოგპოტში ვკითხულობთ, მასკს საბოლოოდ სურდა „აბსოლუტური კონტროლი“, სანამ საბოლოოდ დატოვა კომპანია 2018 წელს.
რაც შეეხება მასკის ბრალდებას, მან სასამართლოში შეიტანა სარჩელი OpenAI-ს წინააღმდეგ.
მასკის თქმით, თავდაპირველ პრინციპებზე კომპანია უარს აცხადებს . მთავარი აქცენტი მასკს აქვს კომპანია Microsoft-ზე, რომელიც OpenAI-ს უმსხვილესი ინვესტორია დღეს.
მასკის ადვოკატების თქმით, დღეს OpenAI ფაქტობრივად გახდა მაიკროსოფტის შვილობილი კომპანია, რის გამოც დაიხურა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების წყაროს კოდი.
ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა არის ის პროცესი, როდესაც წყაროს კოდი ხელმისაწვდომია ყველასთვის საჯაროდ გამოსაყენებლად, შესაცვლელად და გასავრცელებლად.
ეს ხელს უწყობს კრეატიულობას და ინოვაციებს და ასევე ეხმარება დეველოპერებს გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები. ხოლო დახურული კი ნიშნავს, რომ კოდი არის პირადი და ვერ ცვლის სხვა მომხმარებელი.
“ჩვენ ვწუხვართ, რომ ასე მოხდა იმ ადამიანთან, ვის მიმართაც დიდი პატივისცემა გაგვაჩნია. იმასთან, ვინც შთაგვაგონა, რომ უფრო მაღალი მიზნები დავსახოთ, შემდეგ გვითხრა, რომ წარმატებას ვერ მივაღწევთ, შემდეგ შექმნა ჩვენი კონკურენტი და შემდეგ კი გვიჩივლა, როდესაც საბოლოოდ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენება“, – ვკითხულობთ OpenAI-ს ბლოგში.
გამოქვეყნებულ ბლოგს ილონ მასკმა მოკლედ უპასუხა:
„შეიცვალეთ სახელი OpenAI-დან (ღია ხელოვნური ინტელექტი) CloseAI-ზე (დახურული ხელოვნური ინტელექტი) და უარს ვიტყვით სარჩელზე“.
Change your name
— Elon Musk (@elonmusk) March 6, 2024