მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის ქალაქებში რკინიგზისა და აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ქალაქებში რკინიგზისა და აეროპორტების თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტის ავიასადგომზე კომპანია „ლუფთჰანზას“ კუთვნილი უჩვეულო რაოდენობის თვითმფრინავი დგას. გერმანიაში აეროპორტის დაცვისა და ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი დაბალ ხელფასებსა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ფრანკფურტისა და ჰამბურგის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის გაფიცვის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. აეროპორტების ასოციაცია ADV-მ განაცხადა, რომ გაფიცვა გავლენას მოახდენს 250 000-ზე მეტი ადამიანის სამოგზაურო გეგმებზე.

„რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა „ლუფთჰანზასთან“ მოლაპარაკებები და ვთხოვდით, გამოსავალი ერთად გვეპოვა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებულიყვნენ. „ლუფთჰანზას“ არ სურს გამოსავლის მოძებნა და უკეთესი შეთავაზებების გაკეთება თანამშრომლებისთვის“, – აცხადებს მარვინ რეშინსკი, პროფკავშირების წარმომადგენელი ავიაკომპანია „ლუფთჰანზაში“.

ავიარეისების გადადების ან გაუქმების გამო სერიოზული პრობლემების წინაშე დადგნენ როგორც გერმანელი, ისე საერთაშორისო მგზავრები. ამბობენ, რომ მგზავრთა დიდი ნაკადის გამო აეროპორტი ვერ ახერხებს მათთვის შესაბამისი პირობებისა და მომსახურების მიწოდებას. არიან გაურკვევლობაში და სხვა შეფერხებებიც აქვთ.

„გასაგებია, რომ გაფიცულები არიან და ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ „ლუფთჰანზისგან“ ვითხოვთ, რომ ფრენების აღდგენის დრო მაინც გვითხრას. აეროპორტშიც აღარ მოვიდოდით, ადრე რომ ეთქვათ მგზავრებისთვის ამ გაფიცვის შესახებ“,- ამბობს მგზავრი კონსტანზე ჰაკერი.

აეროპორტის თანამშრომლების მსგავსად გაფიცულები არიან მატარებლების მემანქანეებიც. ისინი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ამასობაში საქალაქთაშორისო სამატარებლო მიმოსვლა შეფერხებული, ან საერთოდ შეჩერებულია, რის გამოც მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

„დილიდან მრავალი სატვირთო და სამგზავრო მატარებელი ელოდება გადაადგილებას, აღარაფერს ვამბობ მგზავრებზე. მილიონობით მგზავრი, რომლებიც Deutsche Bahn-ის სამგზავრო სერვისებით სარგებლობენ, ახლა გაურკვევლობაში არიან. ზუსტი თარიღი თუ როდის დაუბრუნდებიან მემანქანეები სამუშაოს, ჯერ არ ვიცით. რაც ვიცით ისაა, რომ გაფიცვა პარასკევს დასრულდება. მზად ვიყავით მათთან მოლაპარაკებებისთვის. თუმცა ისინი დაჟინებით ითხოვენ ხელფასის მომატებას. ამ დავას ასე ვერ გადავწყვეტთ. დათმობაზე წასვლა ორივე მხარის ვალდებულებაა. ახლა ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ მგზავრებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე“, – განაცხადა გერმანიის ნაციონალური სარკინიგზო კომპანიის სპიკერმა აჩიმ სტაუსმა.

აეროპორტების, ავიაკომპანიისა და რკინიგზის თანამშრომლებმა დამსაქმებლებს მოთხოვნების შესასრულებლად 35-საათიანი ვადა მისცეს. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროფკავშირების განცხადებით, მასშტაბური გაფიცვა გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend