4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ტურიზმიდან, 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მგზავრი, ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, ფრირაიდის ტური კურორტ თეთნულდზე, მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანსა და გუდაურში – როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, ასეთი იყო 2023 წელი საქართველოს ტურიზმისა და ავიაციისთვის.
“ციფრებში არის გამოხატული ეს სერიოზული ზრდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ზრდა პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, არის რამდენჯერმე გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი ამ სფეროში, ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი და ა.შ“, – ამბობს ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მიუხედავად ამისა, ქვეყანამ ვერ შეძლო ტურისტული ნაკადები პანდემიამდელ ნიშნულს დაბრუნებოდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკის სამინისტროში აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის არგახსნას ასახელებენ.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ 2023 წელს საქართველოში უფრო მეტი ტურისტი ჩამოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ვიდრე წინა წლებში.
ანგარიშში არაფერი წერია რუს ტურისტებზე, თუმცა 2023 წელი ქართული ტურიზმისა და ავიაციისთვის ამ მხრივაც იყო გამორჩეული. სწორედ ამ წელს, საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგა.
„საქართველოში არ ოპერირებს და ვერ ოპერირებს ისეთი ავიაკომპანიები, რომლებიც ევროპისა და ამერიკის სანქცირებულ სიაში არიან. ასევე საქართველოში არ და ვერ ოპერირებენ ისეთი ხომალდები, რომლებიც შეიყვანეს სანქცირებულთა სიაში, ანუ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ოპერირებს ისეთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც არ არის სანქცირებული. შესაბამისად, შეფასებები იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო საზიანო, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უსამართლოა. მეორეს მხრივ, ჩვენ დღესაც პრეზენტაციაზე გავაკეთეთ შეფასება, რომ თითოეული ბაზარი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი”, – ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
ტურიზმის და ავიაციის მიმართულებით 2024 წელს ამბიციური გეგმები აქვს სახელმწიფოს. საუბრობენ აეროპორტების განვითარებაზე, მათ შორის თელავის აეროპორტზე, რომლის გამტარუნარიანობაც 200 000 მგზავრზე იქნება გათვლილი. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ამ წელს საქართველო ტურიზმიდან 4,5 მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს, ხოლო მგზავრთნაკადი 7 მილიონამდე გაიზრდება.