მთავარისაქართველოსამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს

სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს

ორგანიზაციები ევროკომისარს სთხოვენ, განიხილოს საქართველოს მიერ 9 დათქმის შესრულების შესახებ შუალედური შეფასების მომზადება.

სამოქალაქო საზოგადოება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აგრძელებენ ევროკომისიის მიერ წარდგენილი 9 დათქმის შესრულების მუდმივ მეთვალყურეობას და შემუშავებული აქვთ დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა გატარდეს შესაბამისი რეფორმები. ორგანიზაციები ევროკომისარს მიმართავენ თხოვნით, განიხილოს საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი შუალედური შეფასების მომზადება, რადგან როგორც წერილში ვკითხულობთ, ეს სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდა ზედამხედველობის პროცესში.

„მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება გავზარდოთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხი, რეფორმების პროცესის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა და განვახორციელოთ ეფექტიანი ზედამხედველობა. თქვენი ხელშეწყობა ამ საკითხში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი საერთო მიზნების რეალიზაციაში“, -აღნიშნულია მიმართვაში.

“ზოგადად, ასეთი ტრადიცია არ არსებობს, რომ შუალედური შეფასება აუცილებლად გამოქვეყნდეს და იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა თუ ეს მოხდება, იქნება ძალიან კარგი დამხმარე საშუალება ყველა აქტორისთვის, პირველ რიგში სახელმწიფოსთვის, რომელიც ვალდებულია, შეასრულოს 9 დათქმა. ასევე სხვა აქტორებისთვისაც, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ პროცესის მონიტორინგს ვახორციელებთ“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე.

წერილს ხელს აწერენ:

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;
საფარი;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS);
სამართლიანი არჩევნები (ISFED);
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend