მთავარისაქართველო“ქალები და მიგრაცია: რეინტეგრაციის გამოწვევები და შესაძლებლობები”

“ქალები და მიგრაცია: რეინტეგრაციის გამოწვევები და შესაძლებლობები”

“ქალები და მიგრაცია: რეინტეგრაციის გამოწვევები და შესაძლებლობები” – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც დღეს თბილისში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ გამართა. ღონისძიებაზე პანელური დისკუსიის ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომლებსაც მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნების შემდეგ აწყდებიან. ღონისძიებას ესწრებოდნენ ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალებიც, რომლებიც გამოცდილებას სტუმრებს უზიარებდნენ.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმომადგენლების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ უფრო მეტი ქალი მიდის უცხოეთში სამუშაოდ და ასევე გაიზარდა იმ ქალების რაოდენობაც, ვინც ემიგრაციიდან უკან, საქართველოში, ბრუნდება.

ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებული ქალები უამრავ პრობლემას აწყდებიან. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას სამშობლოში დასაქმება წარმოადგენს და ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალების თითქმის სრულ უმრავლესობას რეინტეგრაციისთვის სხვადასხვა სახის დახმარება სჭირდება.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წევრების განცხადებით, ორგანიზაცია რიგ პროგრამებს სთავაზობს უცხოეთიდან დაბრუნებულ ქალებს, თუმცა ერთ-ერთ გამოწვევას მათთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. ამბობენ იმასაც, რომ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტი ქალები ცდილობენ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ იმისათვის, რომ ოჯახთან განშორება აღარ დასჭირდეთ.

ღონისძიებაზე სახელწოდებით „ქალები და მიგრაცია: რეინტეგრაციის გამოწვევები და შესაძლებლობები“ განაცხადეს, რომ საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალების უმრავლესობა, 50%-ზე მეტი, დაოჯახებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend