კუნძულ ჰაიტიზე კრიმინალური დაჯგუფებები ცდილობენ, რომ მთავარი აეროპორტი ჩაიგდონ ხელში. მათ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს ესროლეს. ძალოვნები ჯავშანმანქანებით უმკლავდებოდნენ ბანდის წევრებს. ჰაიტის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი თავდასხმაა აეროპორტზე. შეტევის დროს ტუსენ ლუვერტურის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილი იყო. თავდასხმა ქვეყნის ორი უდიდესი ციხიდან პატიმრების მასობრივ გაქცევას მოჰყვა. სასჯელაღსრულების ერთ დაწესებულებაში მყოფი 3800 პატიმრიდან 3700 გაიქცა, მეორიდან კი 1000-ზე მეტი.
კვირას, ღამით, ჰაიტიზე 72-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობა ცდილობს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენილ პატიმრებსაც ადევნოს თვალი. გაქცეულთაგან უმრავლესობა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ზოგიერთს კი მკვლელობა, გატაცება და სხვა დანაშაული ედებოდა ბრალად.
შეიარაღებული კრიმინალები ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის 80%-ს აკონტროლებენ.
ჰაიტის ეროვნულ პოლიციაში დაახლოებით 9000 ოფიცერია, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ 11 მილიონი ადამიანის უსაფრთხოებას.
მთავრობის წევრები შიშობენ, რომ პატიმრების მასობრივი გაქცევის გამო მოსამართლეები, პროკურორები, დაზარალებულები და ადვოკატები საფრთხეში არიან.
დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ისმის სროლა. მოსახლეობის ნაწილს გაეთიშა ინტერნეტი. კომპანიების თქმით, სროლის დროს დაზიანდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები.
აეროპორტზე თავდასხმების შემდეგ აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ აუქმებს ყველა რეისს ჰაიტის მიმართულებით და ამერიკის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა.
აჯანყების მთავარი სულისჩამდგმელი ყოფილი პოლიციელი ჯიმი შერიზიეა, რომელიც ახლა ბანდების გაერთიანებას ხელმძღვანელობს. მისი მიზანი ჰაიტის პოლიციის უფროსისა და მინისტრების დაკავებაა.