საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საქმიანობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ შეძლო სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემებისა და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. აზარაშვილის თქმით, დააინიციირა სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელიც „არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა“.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, მისი გუნდის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ასევე წერს, რომ გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა, “სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება”. როგორც აზარაშვილი აღნიშნავს, საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში.