დიდი გაურკვევლობა მოჰყვა რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ გერმანელი გენერლები საუბრობენ. საუბარი ეხება კიევში საკრუიზო რაკეტების, “ტაურუსების”, გაგზავნას, რომელიც 500 კილომეტრს ფარავს. გენერლები განიხილავდნენ ხიდის აფეთქებასაც. სავარაუდოდ, საუბარია ქერჩის ხიდზე, ანუ ხიდზე, რომელიც რუსეთს მის მიერ ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.

ბუნებრივია, ამ საკითხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვშიც. კრემლში განაცხადეს, რომ ახსნა-განმარტებისთვის გერმანიის ელჩი დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ზახაროვამ გერმანელებს დემოკრატია დაუწუნა და თქვა, რომ ქვეყანაში ერთიანი პოზიცია არ არის.
ტრადიციულად უფრო შორს წავიდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე დიმიტრი მედვედევი, რომელმაც ე.წ. დიდი სამამულო ომი გაიხსენა, გერმანელებს “ტრადიციული მტრები” უწოდა და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სლოგანები დაწერა ტელეგრამ გვერდზე.
ამ საქმეზე კი გერმანია იწყებს, როგორც ოლაფ შოლცმა თქვა, “ძალიან ფრთხილ, ძალიან ინტენსიურ და ძალიან სწრაფ გამოძიებას”.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ჩანაწერი ნამდვილია, თუმცა მათი თქმით, უნდა დაზუსტდეს, შეიტანეს თუ არა რუსმა პროპაგანდისტებმა ამ საუბარში ცვლილებები.
სანამ ეს დადგინდება, გერმანიაში უკვე აღშფოთდნენ. პოლიტიკოსებს აღაშფოთებთ არა მხოლოდ ის, რომ შესაძლოა გერმანიის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგეს, არამედ ისიც, რომ ოლაფ შოლცი სავარაუდოდ არ იყო გულწრფელი, როდესაც ამბობდა, რომ რაკეტებს კიევში არ გაგზავნიდა.
რუსების მიერ გავრცელებულ ჩანაწერში გენერლები სრულიად საპირისპიროს ამბობენ.
ოლაფ შოლცი ისევ საჯაროდ ამტკიცებს, რომ ეწინააღმდეგება კიევში “ტაურუსის” ტიპის რაკეტების გაგზავნას.
გერმანიის კანცლერს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ცდილობს ზედმეტად არ გააღიზიანოს კრემლი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ გერმანია მეორეა, როცა საქმე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ეხება.
რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე კი ბერლინი უფრო და უფრო მეტ წითელ ხაზს კვეთს. იმ ხაზს, რომელიც ფედერალურმა მთავრობამ საკუთარ თავს წლების წინ დაუწესა.
მაგალითად, გერმანიაში რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მუდმივად განალაგებს ჯარს უცხო ქვეყანაში.