მთავარიმსოფლიოგალაპაგოსის კუნძულებზე დაახლოებით 510 მთიულა ბუნებაში გაუშვეს

გალაპაგოსის კუნძულებზე დაახლოებით 510 მთიულა ბუნებაში გაუშვეს

გალაპაგოსის კუნძულებზე დაახლოებით 510 მთიულა ბუნებაში გაუშვეს. ეკვადორის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჩიტები, გამრავლებისა და რამდენიმეთვიანი მეთვალყურეობის შემდეგ ბუნებაში 26 თებერვალს დააბრუნეს.

ფრინველებს, რომლებიც გალაპაგოსის კუნძულებზე ბინადრობენ, ჩარლზ დარვინის მთიულებსაც ეძახიან. გალაპაგოსის კუნძულებზე მოგზაურობისას ბრიტანელმა მეცნიერმა ჩარლზ დარვინმა სწორედ მთიულებზე დაკვირვების შედეგად ჩამოაყალიბა ევოლუციის თეორია და დაადგინა, რომ სხვადასხვა კუნძულზე მცხოვრებ ერთნაირ ჩიტებს განსხვავებული ფორმის ნისკარტები უყალიბდებოდათ იმის მიხედვით, რა საკვები მოიპოვებოდა კუნძულზე.

მთიულების ბუნებაში გაშვება ცხოველთა კონსერვაციის პროგრამის ნაწილია. პროგრამის ფარგლებში იმ ცხოველების კონსერვაცია და პოპულაციის აღდგენა ხდება, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ.

„ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა ყველასთვის, გალაპაგოსის ეროვნული პარკისთვის. ცხოველთა კონსერვაციის ფონდისთვისაც. რადგან შევძელით 8-თვიანი პროგრამის შემდეგ ფრინველების გაშვება. პროექტის მიზანი მთიულების სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის შენარჩუნებაა“, – ამბობს ჯოკოტოკოს კონსერვაციის ფონდის სპიკერი, ელისერ კრუზი.

ბუნებაში გაშვებულ მთიულებს GPS გადამცემები აქვთ დამაგრებული, რათა მეცნიერებმა ფრინველების მონიტორინგი შეძლონ.

მთიულებს გადაშენების საფრთხე მას შემდეგ დაემუქრათ რაც კუნძულზე ინვაზიური სახეობები მომრავლდნენ, ანუ ისეთი ცხოველები, რომლებიც კუნძულისთვის დამახასიათებელი არ არის.

ადგილობრივი ფაუნისთვის ინვაზიური სახეობები განსაკუთრებით კატები და მღრღნელები ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, უკვე გადაშენდა კუნძულზე მცხოვრები 10-ზე მეტი სახეობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend