მთავარისპორტიეროვნული ლიგა დაიწყო

ეროვნული ლიგა დაიწყო

პირველ მარტს საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო.

ტურნირის პირველ წრეში 19 ტური იქნება და თამაშები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. საერთო ჯამში კი ჩემპიონატი 36 ტურისგან შედგება. ტურნირი წინა სეზონის გამარჯვებული ბათუმის “დინამოსა” და ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ფოთის “კოლხეთის” მატჩით გაიხსნა. ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე “ფოთი” მინიმალური ანგარიშით, 1:0, დაამარცხეს.

ითამაშა ასევე ქუთაისის “ტორპედომ”, რომელიც გასული სეზონის მეორე წრიდან ძალიან კარგ ფორმაშია და წელს ჩემპიონობაზეც აქვს პრეტენზია. პირველ მატჩში ქუთაისელებმა “სამტრედიას” უმასპინძლეს და სტუმრები დამაჯერებელი ანგარიშით, 4:1, დაამარცხეს. “ტორპედოს” მაისურით თავის პირველ ოფიციალურ მატჩში დუბლი შეასრულა ნორვეგიელმა ლეგიონერმა ბიორნ იონსენმა.

“დებიუტით კმაყოფილი ვარ. გულშემატკივარი ჩემგან გოლებს ელის და აქ ამისთვის ვარ ჩამოსული. ძალიან მომეწონა სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო. ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისში ფეხბურთი და მჯერა, შემდეგ მატჩებზე ჩვენს საგულშემატკივროდ მეტი მოვა.

საქართველო ძალიან მომწონს. შემიყვარდა ქუთაისიც. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ვიზეიმებთ”,-ამბობს ბიორნ იონსენი, “ტორპედოს” ფეხბურთელი.

ახალი სეზონიდან ძალიან კარგ ფორმაშია “ტორპედოს” შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე. გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია არაბიძის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ ის თავისი სათამაშო ფორმით სრულიად მზად არის, რომ ნაკრებს დაეხმაროს.

არაბიძის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმაც ისაუბრა.

,,გიორგი არაბიძე? ამ კითხვას ალბათ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს უნდა უსვამდეთ. მე რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ. შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. ვაკეთებთ ანალიზს, უბურთოდაც ვნახულობთ მის მონაცემებს… ძალიან მაღალ დონეზეა. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები”, – თქვა “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა.

პირველ ტურში დინამო “თბილისმა” წყალტუბოს “სამგურალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ასევე საკუთარ კედლებში 2:0 მოიგო გორის “დილამ” “გაგრასთან”. ეროვნულ ლიგაში ახალი სახელით პირველი მატჩი ჩაატარა “იბერია 1999-მა”, რომელიც ადრე “საბურთალოს” სახელით იყო ცნობილი, კლუბმა “თელავი” 1:0 დაამარცხა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend