24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. დაახლოებით 100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი და 10 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ევრონიუსის საერთაშორისო კორესპონდენტი ვალერი გორია აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა უკრაინელი ჯარისკაცების შეუპოვრობა ფრონტის ხაზზე.
ჩვენ დონეცკის რეგიონში ჩავედით, აღმოსავლეთ უკრაინაში.
რუსეთის შემოჭრიდან ორი წლის თავზე კონფლიქტის ამ ეპიცენტრში მრისხანე ბრძოლები არ წყდება. თავიდან ბლიცკრიგად ჩაფიქრებული ომი ნერვების გამოცდად გადაიქცა.
რუსეთის პოზიციებიდან 3 კილომეტრის მოშორებით მიწისქვეშა საიდუმლო სანგარში დაბანაკებული დრონებით თავდასხმის სპეციალისტი უკრაინელი ჯარისკაცები რუს სამიზნეზე დარტყმისთვის ემზადებიან.
იური ე.წ. „აქილევსი” 92-ე ბრიგადის დრონების ბატალიონის მეთაურია. როგორც მან „ევრონიუსს განუცხადა, ნერვების გამოცდად ქცეულ ომში დრონები მთავარ აქტივად იქცა. თუმცა მათ არ შეუძლიათ ჩაანაცვლონ არტილერია, რომელიც რესურსების სერიოზულ დეფიციტს განიცდის, ამბობს ბატალიონის მეთაური. იგი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს სასწრაფოდ მიაწოდონ მეტი სამხედრო დახმარება.
“არტილერიისა და ტყვია-წამლის გარეშე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან, ძალიან გაჭირდება,“ – ამბობს „აქილევსი.“
რადიოელექტრონული ბრძოლა
რადიოელექტრონული ბრძოლის გამო მიმდინარე კონფლიქტი კიდევ უფრო სისხლისმღვრელია. სტატისტიკის მიხედვით, ამ ომს ორი წლის განმავლობაში 100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი და 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი შეეწირა.
უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის ანესთეზიოლოგი
„ძირითადად დრონებით ჩამოგდებული ყუმბარების ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები გვხვდება“, – ამბობს არტიომი, რომელიც ანესთეზიოლოგად მუშაობს ე.წ. სტაბილიზაციის ცენტრში. ეს არის ფრონტის ხაზიდან გამოყვანილი დაჭრილების პირველადი დახმარების პუნქტი, საიდანაც მათ საავადმყოფოებში აგზავნიან. „დღეს დრონები განსაზღვრავენ ბრძოლის ბედს და რუსები ძალიან აქტიურები არიან ამ მხრივ ფრონტის მთელ ხაზზე. და იმის გამო რომ ჩვენ ჭურვების დეფიციტი გვაქვს, უფრო ნაკლებად ვბომბავთ. ეს კი რუსებს საშუალებას აძლევს უფრო ღიად და აგრესიულად იმოქმედონ, რადგან იციან, რომ მათ ქმედებას ვერ ვუპასუხებთ საარტილერიო ცეცხლით.“
ჩვენ შევუერთდით სამხედრო სამედიცინო ევაკუაციის ჯგუფს დონეცკის რეგიონიდან. მუდმივად ფხიზლად მყოფი ჯგუფი იმ საღამოს ცოტა მოდუნდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება. სწორედ მაშინ მოგვეცა კითხვების დასმის საშუალება.
გვირაბის ბოლო ჯერ არ ჩანს
ულიანა სოზანსკა, მე-80 ბრიგადის პრესმდივანი ომამდე იყო, საჰაერო ძალების ორკესტრის დირიჟორი იყო. იგი მე-80 ბრიგადას იმიტომ შევიდა, რომ თავისი ძმის გვერდით ყოფილიყო. მისი ჩამოსვლიდან მალევე ძმა ბრძოლის ველზე დაეცა.
„თითოეულმა ჩვენგანმა ვიღაც დაკარგა ომში ამ დაწყევლილი რუსების გამო. უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა. უკან დახევა არ შეგვიძლია. ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ქვეყანა. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა“, – უთხრა ულიანამ „ევრონიუსს.“
მის განწყობას იზიარებს რომან გასკოც, მე-80 ბრიგადის სამედიცინო დანაყოფის მეთაური. მას არ უკვირს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი ორი წელი გაგრძელდა.
„მე არ მიკვირს, რომ ამდენ ხანს გაგრძელდა. ყველაზე რთული ის არის, რომ არ ვიცით კიდევ რამდე ხანს გასტანს და როდის დასრულდება. აი ეს კითხვა აწუხებს ყველას,“ – ამბობს რომანი.
ავტორი: ვალერი გორია