მთავარიგადაცემებიClimate Nowროგორია ზღვის სითბური ტალღების შორს მიმავალი შედეგები?

როგორია ზღვის სითბური ტალღების შორს მიმავალი შედეგები?

სითბური ტალღები ხმელთაშუა ზღვაში ზღვის მარჯნის კოლონიებს ანადგურებს

კლიმატის ცვლილების გამო მოხშირებული სითბური ტალღები ხმელეთის გარდა ზღვაზეც ახდენს გავლენას. „ევრონიუსმა“ სცადა გამოერკვია, თუ რა გავლენას ახდენს ზღვის სითბური ტალღები ხმელთაშუა ზღვაზე და რისი გაკეთება შეიძლება იშვიათი მარჯნის კოლონიების გადასარჩენად.

ზღვის წყლის ტემპერატურის ბოლო მაჩვენებლები უკვე დიდი ხანია მედიის ყურადღების ცენტრშია. კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ წელს იანვარში წყლის ტემპერატურამ კიდევ უფრო მაღალ –  რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამიტომ ისმება კითხვა, მაინც რა გავლენას მოახდენს ზღვის წყლის მზარდი ტემპერატურა წყალქვეშა ფლორასა და ფაუნაზე? ამ საკითხზე პასუხის გაცემა ვცადეთ გადაცემაში „კლიმატი ახლა.“

თუმცა სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, გადავხედოთ, თუ რა ხდება ჩვენს დამთბარ პლანეტაზე.

გლობალურ დონეზე წლევანდელი იანვარი ყველაზე თბილი იანვარი გამოდგა, რაც კი აღნუსხულა. ჰაერის ტემპერატურა ამ თვეში 0.7 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. ზოგადად ჰაერის ტემპერატურა მთელ ევროპაში ძალიან კონტრასტული იყო.

სკანდინავიაში გასულ იანვარში განსაკუთრებულად ციოდა. ჰაერის ტემპერატურა ლაპლანდიის ზოგიერთ ნაწილში ყველაზე დაბალი იყო, რაც კი ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დაფიქსირებულა. რაც შეეხება ესპანეთს, ბარსელონას სანაპიროებზე იანვრის ბოლოს ტევა არ იყო, რადგან ტემპერატურა 8 და მეტი გრადუსითაც აღემატებოდა იანვრის საშუალო მაჩვენებელს.

რაც შეეხება მთლიანად პლანეტას, ანომალიური ტემპერატურების რუკა აჩვენებს, რომ 2023 წელს დაფიქისრებული საშუალოზე თბილი ამინდების ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა.  ამჟამად განსაკუთრებით თბილია ოკეანეები.

გასული იანვრის მონაცემები მიუთითებს, რომ ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა არაპოლარულ რეგიონებში თითქმის ისეთივე მაღალია, როგორიც გასული წლის აგვისტოში იყო, რომელიც რეკორდულად ითვლება.

მარჯნის რიფებისკენ

euronews

ამ მონაცემებით აღჭურვილი გაემართა ჩვენი გუნდი მარსელისკენ,  სადაც ასოციაცია SEPTENTRION ENVIRONNEMENT-ის მკვლევრებთან ერთად ვაპირებთ ჩავყვინთოთ. როდესაც მათთან მივედით, ისინი უკვე  ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ. ეს მკვლევრები აფასებენ  სითბური ტალღების გრძელვადიან ეფექტს და ისინი აპირებენ შეამოწმონ მარსელთან ახლოს მდებარე მარჯნის რიფები.

euronews

“დღეს უნდა შევაფასოთ  წითელი გორგონარიას მარჯნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც მარსელის მახლობლად მდებარე ფარილიონის კუნძულებთან 30-40 მეტრის სიღრმეზე იზრდებიან,“ – განმარტავს ტრისტან ესტაქი, ასოციაცია SEPTENTRION ENVIRONNEMENT-ის ზღვის ბიოლოგი. „ჩვენი მიზანია რეგულარული მონიტორინგი, რათა ვნახოთ, თუ როგორ უარესდება ამ მარჯნის მდგომარეობა დროთა განმავლობაში.“

ამ მშვენიერ სანაპიროს 1999, 2003, 2015, 2022 და 2023 წლებში სითბურმა ტალღებმა გადაუარეს. ზღვის ბიოლოგები ტრისტან ესტაქი და ჟუსტინ რიშომი არიან მოწმე, თუ როგორ დაიწყო მარჯნისა და გორგონარიების კოლონიებმა გაქრობა თავიდან 10-დან 20 მეტრის სიღრმეში. დღეს ისინი წყლის უფრო ღრმა და გრილ ფენებს იკვლევენ.

euronews

“ფაქტია, რომ ყველა მარჯანი, რომელიც 2022 წელს მოკვდა ახლაც მკვდარია. აქ ჯერ კიდევ გვხვდება გორგონარიების უამრავი ჩონჩხი. როდესაც 35-40 მეტრის სიღრმეზე ჩადიხარ, ხედავ, რომ მარჯანი უფრო მეტი და ჯანსაღია, ისევე როგორც წინა წლებში იყო. ისინი ჯერჯერობით უვნებელია,“ – ამბობს ტრისტანი.

euronews

დოკუმენტური მასალა

მეცნიერების მიერ გადაღებული ვიდეოები და ფოტოები მყარ საფუძველს იძლევიან, რათა მეცნიერები დააკვირდნენ, თუ როგორ კლავს ზღვის სითბური ტალღები გარკვეულ სახეობებს ხმელთაშუა ზღვაში.  ჟუსტინ რიშომი, ასოციაცია SEPTENTRION ENVIRONNEMENT-ის ზღვის ბიოლოგი სამი ფოტოს მიხედვით აფასებს, თუ რა მდგომარეობაა კორსიკასთან ახლოს ერთსა და იმავე ადგილზე.

ჟუსტინ რიშომი, ასოციაცია SEPTENTRION ENVIRONNEMENT-ის ზღვის ბიოლოგი – Euronews

“აქ გვაქვს სამი ფოტო, რომლებიც გადაღებულია 2015, 2017 და 2023 წლებში. ყველაზე ძველ ფოტოზე ხედავთ, რომ წითელი მარჯნის კოლონიები შესანიშნავ მდგომარეობაში არიან,“ -ამბობს ჟუსტინი. „მეორე ფოტოზე ვხედავთ, რომ კოლონიებმა კვდომა დაიწყეს, შეგიძლიათ გაარჩიოთ ნეკროზი და მკვდარი ქსოვილები. ეს ანომალიური სითბური ტალღების შედეგი უნდა იყოს. აი ამ ბოლო ფოტოზე კი ჩანს, რომ წითელი მარჯნის ეს კოლონიები სრულიად განადგურებულია, ეს ჰაბიტატი გავერანებული და თევზებისთვის გამოუსადეგარია.“

euronews

გლობალურ დონეზე ზღვის სითბური ტალღების რაოდენობა 1982 წლის შემდეგ გაორმაგდა და ისეთი სახეობები, რომელთაც არ შეუძლიათ მოძრაობა, როგორიცაა მარჯანი, ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

როგორ ვუშველოთ მარჯანს?

მეცნიერები ამბობენ, რომ მათ დასახმარებლად პირველ რიგში ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ავკრძალოთ თევზაობა და ტურიზმი ისეთ ადგილებში, სადაც საშიშროება არსებობს.

 

ტრისტან ესტაქი, ასოციაცია SEPTENTRION ENVIRONNEMENT-ის ზღვის ბიოლოგი – euronews

“ადამიანის წნეხი თუ მოიხსნება, ჩვენ მათ ადაპტაციის საშუალებას მივცემთ. შესაძლოა  მოხდეს ცვლილება და მივიღოთ სუპერ-კოლონიები, რომლებიც კლიმატს შეეგუებიან. ამის მერე კი, საუკეთესო შემთხვევაში იქნებ გამრავლება და წყლის ზედაპირის ზედა ფენებში შეღწევაც მოახერხონ“.

თუმცა არსებული პროგნოზებით ზღვის სითბური ტალღები უფრო გახშირდება და გაძლიერდება, ამიტომ საუკეთესო შემთხვევაშიც კი ეს სახეობები წელიწადში სულ რამდენიმე მილიმეტრით გაიზრდებიან.

euronews

“იმ მოკლე პერიოდში რამდენსაც ადამიანი ცოცხლობს, ჩვენ ვერ შევძლებთ იგივე მდგომარეობამდე მივიდეთ, რაც დავკარგეთ, მაგალითად 1999, 2003 და 2022 წლების შემდეგ,“ – ამბობს ჟუსტინ რიშომი.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend