მთავარისაქართველოკეთილშობილი ირმები სახლში ბრუნდებიან - თბილისის ზოოპარკის გეგმები

კეთილშობილი ირმები სახლში ბრუნდებიან – თბილისის ზოოპარკის გეგმები

მუსტა – ევროპული ჯიშის ბიზონი – იგივე დომბა. დომბები ძირითადად დასავლეთ საქართველოში ბინადრობდნენ, თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაშენდნენ. მუსტა კი პირველი დომბაა, რომელიც საქართველოში დაბრუნდა. ახლა ის ორ მდედრ და ორ ნაშიერთან ერთად თბილისის ახალ ზოოპარკში ცხოვრობს.

თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ იმ ცხოველების კონსერვაცია და გამრავლებაა, რომლებიც ადრე საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, შემდეგ კი მათ რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

„ზოგადად ზოოპარკის დანიშნულება მხოლოდ ის არის, რომ დამთვალიერებელი მოვიდეს და რამე ცხოველი ნახოს იქნება ეს დათვი თუ ლომი. მისი დანიშნულებაა კონსერვაცია. კონსერვაცია ნიშნავს იმ ცხოველების აღდგენას, გამრავლებასა და ბუნებაში დაბრუნებას, რომლებიც წითელ ნუსხაში არიან შეყვანილი. ანუ გადაშენების პირას მყოფი სახეობები“, – ამბობს თბილისის ზოოპარკის კონსერვაციის მენეჯერი, ნიკო ქერდიყოშვილი.

წითელ ნუსხაში ასევე შედიან კეთილშობილი ირმები, ნიამორები და დასავლეთ კავკასიური ჯიხვები. ზოოპარკში ამ სახეობებს ამრავლებენ და შემდგომ ბუნებაში დაბრუნებისთვის ამზადებენ. ახლა მაგალითად, ირმების ალგეთის ეროვნულ პარკში დაბრუნება იგეგმება.

„ამ მხრივ უმჯობესია, რომ ცხოველები ბუნებაში პირდაპირ არ გაუშვა. არამედ თავდაპირველად მათ ახალ ჰაბიტატში, სადაც უნდა იცხოვრონ, შემოიღობოს ვოლიერი, სადაც ბუნებრივი პირობები იქნება შექმნილი, სადაც მოხდება მათი ადაპტაცია, გარემოსთან შეგუება და დამშვიდება ტრანსპორტირების შემდეგ… საბოლოოდ კვლევებისა და მონიტორინგის შედეგად, როდესაც იქნება ექსპერტული დასკვნა, რომ ეს ჯგუფი სიცოცხლისუნარიანია, შეუძლია გამრავლება და გადარჩენა, მოხდება ამ ვოლიერის კარების გახსნა“, – ამბობს ნიკო ქერდიყოშვილი.

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის ჯერ არ გახსნილა, რადგან სამშენებლო სამუშაოები იქ ჯერ კიდევ გრძელდება.  გეგმის მიხედვით დასრულებული ზოოპარკი ბიო გეოგრაფიულ ზონებად დაიყოფა.

„ზოგადად, დედამიწა დაყოფილია ბიო-გეოგრაფიულ ოლქებად. სწორედ ამ ოლქებს მივყვებით. მართალია, კავკასია ცალკე ოლქი არ არის, თუმცა საკმაოდ მსხვილი ბიო-გეოგრაფიული ერთეულია. რადგან ჩვენ კავკასიაში ვცხოვრობთ, ამიტომ კავკასია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპოზიცია იქნება. რამდენადაც ვიცი, არცერთ ზოოპარკში ესე ფართოდ არ არის კავკასიის ფაუნა წარმოდგენილი“, – ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.

დასრულებულია კავკასიის ექსპოზიციის დიდი ნაწილი. მგლების და დათვების ვოლიერების მშენებლობა გერმანიის თანამშრომლობის და განვითარების ფონდმა დააფინანსა.

ახლა კი აფრიკის ექსპოზიციის მშენებლობა მიმდინარეობს. ყველაზე დიდ ვოლიერში, რომელიც დაახლოებით 9 ჰექტარს მოიცავს, ანტილოპები, ზებრები, ჟირაფები, მარტორქები და ბეჰემოთები იცხოვრებენ.  წყლის მოყვარული ცხოველებისთვის კი ხელოვნური ტბა მოეწყობა.

ფლორა და ფაუნის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ზოოპარკის ტერიტორიაზე შენდება ცხოველებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი. ზოოპარკში ამბობენ, რომ ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ცხოველების კეთილდღეობისთვის ისე, მეცნიერების განვითარებისთვის.

„ზოოპარკი სამეცნიერო-კვლევითი, კონსერვაციული დაწესებულებაა. მას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც არის კონსერვაცია. ის გულისხმობს უშუალოდ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის გარკვეული ცხოველების იმიჯის ხალხისთვის სწორად ჩვენება. ხშირ შემთხვევაში სახეობების განადგურება სწორედ ადამიანების არასწორ წარმოდგენასთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევებში კი ზოოპარკს შეუცვლელი ფუნქცია აქვს. სწორედ ეს უნდა იყოს ზოოპარკის წამყვანი ორი ფუნქცია. სწორედ ამ კუთხით ჩვენთან მუშაობს საგანმანათლებლო ცენტრიც“, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი.

ახალი ზოოპარკი გასახსნელად ჯერ მზად არ არის, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია დასამთავრებელი….

იქამდე კი ბევრი საქმეა და ძალიან მნიშვნელოვანი გზა ელით კავკასიურ კეთილშობილ ირმებს. პირველად საქართველოში ზოოპარკში მცხოვრები ცხოველები ბუნებას დაუბრუნდებიან.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend