მთავარისაქართველობიზნესასოციაციის წევრი ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

ბიზნესასოციაციის წევრი ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

„საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ – ამ სახელწოდებით კონფერენციას უმასპინძლა “საქართველოს ბიზნესასოციაციამ“. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წვერები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ, ბიზნესასოციაციის წევრებმა ქართული ბიზნესის პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

“სიმართლეა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ, ბოლო წლებში ფენომენალური და უპრეცედენტო ზრდა აჩვენა. ჩვენი ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში თითქმის გაორმაგდა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი ხალხს უფრო მეტად ასაქმებს. ბიზნესის დადებით და პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის სამი მთავარი ფაქტორი: სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ბიზნესის თავისუფლება, რაც ჩვენს ქვეყანაში სახეზეა“,- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

რა როლი აქვს მთავრობას ბიზნესის ხელშეწყობასა და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებაში, ამაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა საჯარო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, რათა სახელმწიფომ მეტად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას.

„ბიზნესს აქვს სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, მათ შორის არის სამუშაო ძალის, სპეციალისტების დეფიციტი. მე პირადად ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ უნდა დავძლიოთ გარკვეული გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომლითაც ბიზნესი საჯარო სტრუქტურებისგან სარგებლობს. განათლების სფეროში გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის აღჭურვას შესაბამისი სამუშაო ძალით და ა.შ. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ყველა გამოწვევა იყოს დაძლეული. ბიზნესთან თანამშრომლობა მუდმივ რეჟიმში გვექნება. ამისთვის იარსებებს მათ შორის ფორმალური ფორმატები, რომლებიც ბიზნესასოციაციასთან ერთად შეიქმნება“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერის შეხვედრა ბიზნესასოციაციის წევრებთან Copyright საქართველოს მთავრობა

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომელზეც 2019-2023 წლების განმავლობაში ქართული ბიზნესის მიღწევებსა და ეკონომიკური ზრდის შედეგებზე სხვადასხვა ინდექსის მოშველიებით ისაუბრეს. მთავარ საკითხად კი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობა გამოიკვეთა.

„მთავარია, რომ პრემიერმა იცოდეს ბიზნესის განწყობები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უამრავი კვლევა გვაქვს სხვადასხვა ინდექსის გამოანგარიშებით. ეს კვლევები, რომლებიც მრავალკომპონენტიანია, ასახავს, თუ რა მდგომარეობაა ბიზნესსექტორში. სად არის წინსვლა, სად უკუსვლა და გამოწვევები. ბიზნესის კეთებისას მრავალი ინდექსით განვსაზღვრავთ ამა თუ იმ საქმიანობას, შესაბამისად, ამის შესახებ მთავრობის მეთაურს უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია. განსაკუთრებით კი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით. ჯამში ჩვენთვის მთავარია, რომ მთავრობამ სწორად დაინახოს ეს ინდექსები და შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილებები. ჩვენ მზად ვართ მუდმივი კომუნიკაციისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნესმენების გაცნობითი და მისასალმებელი ხასიათის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სამომავლო მჭიდრო კავშირების შექმნისა და თანამშრომლობის პერსპექტივით დასრულდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend