მთავარისაქართველო„თავისუფლება მსოფლიოში 2024 წელი“

„თავისუფლება მსოფლიოში 2024 წელი“

„მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ან ნაწილობრივ თავისუფალ, ან არათავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს“, – “ფრიდომ ჰაუსის” ახალი ანგარიში.

„თავისუფლება მსოფლიოში 2024 წელი“ ჰქვია ახალ ანგარიშს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ 2023 ზედიზედ მე-18 წელია, რაც მსოფლიოში გლობალური თავისუფლების დონე მცირდება. 2023 წელს არადემოკრატიულად ჩატარებულმა არჩევნებმა და შეიარაღებულმა კონფლიქტებმა კი ხელი შეუწყო მსოფლიოში თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნასა და ადამიანების ტანჯვას.

“ფრიდომ ჰაუსის” რუკაზე მწვანედ თავისუფალი ქვეყნები არის აღნიშნული, ყვითლად ნაწილობრივ თავისუფალი, ხოლო იასამნისფერი ის ქვეყნებია, სადაც თავისუფლება არ არსებობს.

საქართველო ყვითელია, თუმცა არა მთლიანად. თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ასევე ოკუპირებული აფხაზეთი „ფრიდომ ჰაუსის“ რუკაზე ნაწილობრივ თავისუფლადაა მონიშნული. თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ნაწილობრივაც კი არ არის თავისუფალი და იასამნისფერია.

საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს გარშემო თავისუფლების კუთხით ვითარება ძალიან მძიმეა. ნათქვამია, რომ ამ რეგიონში მზარდია ავტორიტარული რეჟიმის ზეწოლა და დემოკრატიული ძალების უკან დახევა.

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის თანახმად, 2023 წელს რეგიონში თავისუფლების ინდექსი განსაკუთრებით შემცირდა, რაც მეტწილად აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის განდევნამ, რუსეთში რეპრესიებმა და უკრაინაში ომმა განაპირობა.

კვლევაში სახელწოდებით „თავისუფლება მსოფლიოში 2024“ ნათქვამია, რომ რეგიონის მასშტაბით მთავრობები მოსკოვის მაგალითს მიჰყვნენ და შეეცადნენ, ან მიიღეს ისეთი კანონები, რომლებიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ გამოაცხადებდა.

და აი, აქ არის საქართველოზე უკვე ვრცლად საუბარი, უფრო ზუსტად კი ე.წ. რუსული კანონის მიღების მცდელობაზე. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობა ცდილობდა მიეღო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ნათქვამია ისიც, რომ კანონპროექტი გაუქმდა ოპონენტებისა და მოსახლეობის დემონსტრაციების შემდეგ, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ კანონმდებლობა შესაძლოა ხელახლა წარედგინოს საზოგადოებას.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა თავისუფალ გარემოში არ ცხოვრობს და 2023 წელს ზედიზედ მეთვრამეტედ შემცირდა თავისუფლების ინდექსი დედამიწაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend