მთავარისაქართველოსაპარლამენტო არჩევნები - საქართველოსთვის “მნიშვნელოვანი გამოცდა”

საპარლამენტო არჩევნები – საქართველოსთვის “მნიშვნელოვანი გამოცდა”

2024 წელი არჩევნების წელია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. პარტნიორებმა ევროკავშირიდან საქართველოს არაერთხელ უთხრეს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ევროკომისია ითხოვს საარჩევნო გარემოსთვის უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, ასევე სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის რეკომენდაციები.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციების აზრით, სრულად უგულებელყოფს ამ რეკომენდაციებს.

“ევროკავშირი ძალიან მაღალ თამასას გვიწესებს ამ მიმართულებით და პირდაპირ გვეუბნება, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რადგან ბოლო წლების არჩევნებსაც თუ გადავხედავთ, ჩვენ ასეთი არჩევნები ნამდვილად არ გვქონია, რომ ყველა ამ სამივე პუნქტს ბოლომდე აკმაყოფილებდეს და ახლა ეს ყველაფერი შესაძლოა, გახდეს ბარიერი ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად“, – ამბობს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც ითვალისწინებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არჩევნებისთვის, პარტიების დაფინანსების საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, თუმცა არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს აქტივობები ძირითად რეკომენდაციებთან შეუსაბამო და არასაკმარისია.

„წარმოდგენილი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რომლის თანახმად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრის სააგენტოს და მოითხოვოს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება, იმ შემთხვევაში თუ ეს პოლიტიკური პარტია ორი წლის განმავლობაში ზედიზედ არ წარადგენს საფინანსო დეკლარაციას, მინდა მოგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური ინიციატივა. მოქმედი კონსტიტუციით პარტიის აკრძალვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს პარტიის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მოწოდებას, ან შუღლისკენ მოწოდებას. ძალიან მცირედი საფუძველია იმისთვის, რომ კონსტიტუციის ეს ნორმა ამოქმედდეს და ისიც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, აქედან გამომდინარე, ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოსათვის არა კონსტიტუციის, არამედ ორგანული კანონის საფუძველზე პარტიის აკრძალვის შემოღება არაკონსტიტუციურია და ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის“, – ამბობს სანდრო ბარამიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საარჩევნო პროექტების მენეჯერი.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ღრმა და კომპლექსური რეფორმა სჭირდება. რაც მთავარია, სჭირდება სწრაფად, რადგან არჩევნებამდე, ანუ 26 ოქტომბრამდე, რამდენიმე თვეა დარჩენილი და როგორც საქართველოს მეგობრები ამბობენ, წლევანდელი არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend