გერმანია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ხელშეწყობას ცდილობს.
გუშინ, 28 თებერვალს ბერლინში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ორდღიანი მოლაპარაკებების ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე მიიღო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ მათ სჯერათ, რომ აზერბაიჯანსა დ სომხეთს მრავალწლიანი მტკივნეული კონფლიქტის შემდეგ შეუძლიათ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება.

ანალენა ბერბოკის განცხადებით, რასაც ახლა ისინი ხედავენ არის გაბედული ნაბიჯები ორივე ქვეყნის მხრიდან, რომ უკან მოიტოვონ წარსული და იმუშაონ მათი ხალხების სასარგებლოდ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.
აზერბაიჯანმა გასულ წელს სამხედრო კამპანია წამოიწყო ყარაბაღის რეგიონის დასაბრუნებლად.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირობა დადეს, რომ იმუშავებენ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ხელშესახები პროგრესი და ორმხრივი უნდობლობის ფონზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.