მთავარისაქართველორუსული დეზინფორმაცია წინასაარჩევნოდ

რუსული დეზინფორმაცია წინასაარჩევნოდ

საქართველოში პრორუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო გამძაფრდება. ასეთი მოლოდინები აქვთ ქართული პოლიტიკური სპექტრის, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილს. ამ საფრთხის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია SKY NEWS-სთან ინტერვიუში.

“საქართველოში ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ამგვარი შემოტევისთვის მიმდინარე წელს მეტი სიფრთხილეა საჭირო. ვიცით ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევა, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს… ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მიერ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ხელოვნურად სპეკულირებაზე საუბრობენ მმართველი პარტიის დეპუტატები და სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესის წინასწარ დაზიანებაში ადანაშაულებენ. თუმცა ამბობენ, რომ ასეთი საფრთხეები რეალურია.

„სპეკულირებაა არსებობს თუ არა საფრთხე რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე. ჩვენი პოლიტიკის სისწორე მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ვიცით ამ საფრთხის შესახებ და თან მრავალ კომპონენტში გამოხატულია და ვახერხებთ იმას, რომ საქართველოს არიდებული აქვს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ზუსტად ამაშია პრეზიდენტის პოლიტიკური სიმდაბლე, რომ წინასწარ სურს არჩევნების დისკრედიტაცია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როდესაც რუსული მზაკვრული დეზინფორმაციის შესახებაა საუბარი, პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ძირითადად საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლას მოიაზრებენ. მეთოდები კი დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით მრავალფეროვანია, როგორც კიბერსივრცეში, ისე რეალურ ცხოვრებაში.

„ყველაფერიო მარტივადაა – მეტი რუსეთი არის მეტი სიღარიბე. მეტი ევროპა და ამერიკა ნიშნავს მეტ სიმდიდრეს. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენ ყველას გასაკეთებელი ამ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, რუსეთი ყველანაირად ეცდება საქართველოს დასავლეთთან დაახლოება შეაჩეროს და ეკონომიკურად დაგვიქვემდებაროს, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიღარიბეს მოიტანს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ხალხი სწორ გზას აირჩევს. ვცვლით მთავრობას, იქნება მეტი ევროპა საქართველოში“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ რუსული დეზინფორმაციის საფრთხეებზე გააკეთა კომენტარი ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. მისი თქმით, რუსეთის ინტერესი ყველასთვის გასაგებია და შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოსთან, რათა ეს საფრთხეები შემცირდეს.

“არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობასა და საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის. აშშ აბსოლუტურად მზად არის, რომ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციასა და ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიდიან, ისინი ხმას ფარულად აძლევენ და მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა.

საფრთხეებმა, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებული პირებისა თუ ორგანიზაციების შესაძლო კიდევ უფრო გააქტიურებით მომდინარეობს, შეიძლება საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. ამაზე კი მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ საუბრობენ. ეს საფრთხეები გასაგებია ყველა აქტორისთვის საქართველოშიც. ჯერ უცნობია, რა ღონისძიებები გატარდება რუსულ დეზინფორმაციასა და კრემლის პროპაგანდასთან საბრძოლველად მაშინ, როდესაც ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა ევროკავშირისგან საქართველოსთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების გზაზე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend