მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირს ბუნების აღდგენის ახალი კანონმდებლობა აქვს

ევროკავშირს ბუნების აღდგენის ახალი კანონმდებლობა აქვს

ევროკავშირს ახალი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა აქვს. ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონს “ბუნების აღდგენის შესახებ”, რომელიც ევროპის მწვანე შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ კანონის მიღებით ევროკავშირის ქვეყნები ბუნების კონსერვაციის ეტაპიდან უკვე მის აღდგენაზე გადადიან.

შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რომ ათწლეულის ბოლომდე აღადგინონ კონტინენტის განადგურებული ეკოსისტემების 20% მაინც. საბოლოო მიზანი კი 90%-იანი აღდგენაა, რაც შეთანხმების მიხედვით 2050 წლამდე უნდა მოხერხდეს. ეს მიზანი მოიცავს როგორც ხმელეთის, ასევე ზღვის ეკოსისტემების აღდგენას. ევროპელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მწვანე შეთანხმების მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ევროკავშირს ერთიანი პოლიტიკა ჰქონდეს და ამ კანონმდებლობის მიღებაც მათივე თქმით, ერთ-ერთი გზაა სწორედ ამ მიზნისკენ.

კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, ევროპარლამენტარი სეზარ ლუენა ამბობს: “ახალი კანონი დაგვეხმარება, რომ შევასრულოთ ჩვენი მრავალი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ვალდებულება. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ დეგრადირებული ეკოსისტემები ისე, რომ თან პატივი ვცეთ სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენელთა პოზიციას”.

ამ კანონპროექტს ევროპარლამენტში ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. მაგალითად, “ევროპის სახალხო პარტია”, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებდა ამ ინიციატივას. პარტიის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ახალი წესები მძიმედ დააწვება სოფლის მეურნეობის სფეროს: შეამცირებს წარმოებას და გაზრდის ფასებს…

“ევროპის სახალხო პარტიის წევრი” ფრანჩესკა პეპუჩი ამბობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის რისკფაქტორებზე ნაკლებად მორგებული კანონი, რომელიც ძნელად თუ მოიტანს კარგ შედეგს. ის შეაფერხებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიცაა მაგალითად, კვების მრეწველობა”.

“ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენელთა პათოსს არ იზიარებს სამოქალაქო სექტორი და არ იზიარებენ არც მეცნიერები… კრიტიკოსთა წინააღმდეგობის მიუხედავად ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ კანონი მაინც მიიღო. კენჭისყრაზე ამ კანონს 329 მომხრე ჰყავდა, 275 ევროპარლამენტარი კი წინააღმდეგ წავიდა. საბოლოოდ კანონმდებლობის შეცვლის დიდი იდეა ის არის, რომ შეამციროს კლიმატის ცვლილების გავლენა.. ის გავლენა, რომელიც სწორედ სოფლის მეურნეობის სფეროსა და კვების მრეწველობას უკვე აყენებს გამოუსწორებელ ზიანს…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend