“საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები”, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტში გამართულ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე.
ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი მოსმენა იყო. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა საკუთარ სურვილს გააღრმაოს ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. მისი თქმით, სწორედ ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თხოვნაც მის მიმართ, როდესაც იგი საქართველოში ჩამოდიოდა.
რობინ დანიგანის თქმით, ბოლო 32 წლის განმავლობაში ამერიკამ საქართველოსთვის დახმარების სახით ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გასწია და უამრავი ქართველის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოსვლაც გაიმართა. მან დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირსა და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები გააცნო. მან ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებაც.
რობინ დანიგანის სიტყვით გამოსვლის ფარგლებში დეპუტატებს მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, მათი შეკითხვები ძირითადად მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებსა და ანტიდასავლურ, კერძოდ, ანტიამერიკულ პროპაგანდას ეხებოდა.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა აღნიშნა, ამერიკა მზადაა გააფართოოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ჯერი კი საქართველოზეა, გაატაროს შესაბამისი დემოკრატიული რეფორმები.