მთავარისაქართველო"შუა დერეფანი" - ძველი მარშრუტი და ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის

“შუა დერეფანი” – ძველი მარშრუტი და ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ძვრებმა ევროპა და აზია აიძულა გადაეაზრებინა შუა დერეფნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს დერეფანი კი მოიცავს საქართველოსაც, როგორც გზას, რომელიც აზიას ევროპასთან შავი ზღვის გავლით აკავშირებს.

მსოფლიო ბანკმა 27 თებერვალს ანგარიში წარადგინა, სადაც დერეფნის სამი ქვეყნის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პოტენციალსა და ამ ქვეყნებში არსებულ დაბრკოლებებზეა საუბარი.

„”შუა დერეფანი”, რა თქმა უნდა, არსებობდა და ის ემსახურებოდა კავკასიის ქვეყნებს, დაეხმარა ყაზახეთს თავისი საქონლის დიდი ნაწილის ევროპაში ექსპორტში, ასევე ჩინეთში. ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც შეიცვალა, არის ის, რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზის გამო ეს გახდა ადგილი, სადაც ხალხი ეძებს პოტენციურ სახმელეთო ხიდს. ამან გაზარდა როგორც ინტენსივობა, ასევე შესაძლებლობა, რაც აქვს შუა დერეფანს”, – აცხადებს შომიკ მენდრატა, მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ თუ ლოგისტიკურ გამართვას დიდი დრო და ინვესტიციები სჭირდება, რათა თავისუფლად გაატაროს გაზრდილი რაოდენობის ტვირთები.

სწორედ ამიტომ, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ერთიანი მიდგომით გაუმკლავდნენ სხვადასხვა პრობლემას.

„გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დაფუძნდეს ერთიანი კომპანია, რომლის დამფუძნებლებიც იქნებიან საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზა, სწორედ იმ მიზნით, რომ მოხდეს ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელება კორიდორში და ერთიანი ოპერატორი განსაზღვრავს კონკურენტუნარიან ფასებს და სექტორისთვის მისაღებ გადაზიდვის პირობებს”,- ამბობს გურამ გურამიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ეკონომიკის ექსპერტები კი მიუთითებენ იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის მიმართულებით აქვს. მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ეს სასწრაფოდ მოგვარდეს, რათა ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდეს.

„პრობლემა დგას იმაში, რომ ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ინფრასტრუქტურულად მზად, საქართველოს რკინიგზა არ არის მზად, რომ გაატაროს ამ რაოდენობის ტვირთები, არ გვაქვს ღრმაწყლოვანი დიდი პორტი და სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტიც იგვიანებს, შესაბამისად იმისთვის, რომ ეს ეკონომიკური რესურსი მთლიანად ავითვისოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შესაბამისობაში ვიყოთ, ამ საერთაშორისო სტანდარტებთან“, – ამბობს გიორგი კეპულაძე, “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი.

რუსულმა აგრესიამ უკრაინაში “შუა დერეფანი” კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის გზა, რომელიც ჩინეთიდან მოდის, შუა აზიის ქვეყნებს კვეთს და სანამ ევროპამდე მიაღწევს, გაივლის კასპიის ზღვასა და საქართველოს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს გზა გვერდს უვლის რუსეთს და სხვა ზოგიერთ ტრადიციულ მარშრუტს.

ამ მხრივ კი საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის აღმოსავლეთით დაახლოებით 9 ქვეყანას არ აქვს მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი.

გარდა ამისა, “შუა დერეფანი” მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც, რადგან სწორედ ევროკავშირის, თურქეთისა და ჩინეთის ინტერესია, რომ ეს გზა დაცული და განვითარებული იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend