მთავარისაქართველოროგორ უნდა შესრულდეს 9 დათქმა - არასამთავრობოების ხედვა

როგორ უნდა შესრულდეს 9 დათქმა – არასამთავრობოების ხედვა

12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა ხედვა იმის შესახებ, როგორ უნდა შეასრულოს საქართველომ 9 ნაბიჯი, რომ გადავიდეს მოლაპარაკებების ეტაპზე. ამ 9 პუნქტში, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ წარედგინა, იყო ორი არსებითად ახალი რეკომენდაცია – ბრძოლა დეზინფორმაციასა და საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ უნდა გააქარწყლოს დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, უზრუნველყოს, რომ 2024 წლის არჩევნებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს რუსეთი და ხელისუფლებამ შეწყვიტოს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაწილში ერთობლივი რეკომენდაცია გვაქვს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც წლებია მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოხდეს ერთობლივი მსჯელობა“, – განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

კიდევ ერთი ახალი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ მიიღო, ეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის გაუმჯობესებას. ევროკავშირი საქართველოს სთხოვს, რომ თბილისმა თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც ბრიუსელის პოლიტიკას ეწინააღმდეგება და არ დაუშვას, რომ საქართველო გამოყენებული იყოს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ურჩევენ, თავი შეიკავოს რუსეთთან ეკონომიკური თუ სატრანსპორტო კავშირებისგან და მხარი დაუჭიროს ევროკავშირის განცხადებებს საერთაშორისო პლატფორმებზე.

„ამ მხრივ 2022 წელი იყო საკმაოდ დაბალი, 2023 წელს არის მცირე გაუმჯობესება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩაითვალოს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის თანხვედრა ევროკავშირთან არის მაღალი დონის“, – განაცხადა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

ევროკავშირში საქართველოს არაერთხელ უთხრეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება და რომ ქვეყანამ უნდა ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.

„რომ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ ვიხილოთ ისეთი პრობლემები, რომლებიც წინა წლებში გვინახავს. მუქარა, ზეწოლა, დაშინების ფაქტები არ იყოს, ან თუ იქნება, დროული რეაგირება მოჰყვეს“, – განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

და კიდევ ერთი საკითხი, რომლის მოგვარებასაც ევროკავშირი საქართველოს უკვე მრავალი წელია სთხოვს – მართლმსაჯულების სისტემაა. იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს, საჭიროა, ქვეყანამ გაატაროს რეფორმა სასამართლო სისტემაში. მათი რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს შეეძლებათ, შეამოწმონ სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელი პირების კეთილსინდისიერება.

„მთავარი და საკვანძო საკითხი, რომელიც ახალია საქართველოსთვის, ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმება მაღალი თანამდებობის მქონე მოსამართლეების და ხაზს ვუსვამ, არა ყველა მოსამართლის“, – განაცხადა „სასამართლოს გუშაგმა“ ნაზი ჯანეზაშვილმა.

ევროკავშირს შენიშვნები აქვს ადამიანის უფლებების, საპარლამენტო ზედამხედველობის, კორუფციასთან ბრძოლისა და პოლარიზაციის მიმართულებითაც. ყოველივე ამის მოსაგვარებლად ქვეყანამ ნაბიჯები ძალიან სწრაფად უნდა გადადგას, რადგან რამდენიმე თვეში საქართველო უნდა გადავიდეს ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე. თუმცა გზა ევროკავშირის წევრობამდე კიდევ უფრო გრძელია. როგორც ევროპელი ლიდერები ამბობენ, თუ საქართველო ყველა ამ საკითხს 2030 წლისთვის საბოლოოდ გადაჭრის, ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend