მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის დაზვერვა - მტერს ახალი სიურპრიზი ელის

უკრაინის დაზვერვა – მტერს ახალი სიურპრიზი ელის

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები ესაჭიროება. კიევში ღიად საუბრობენ, რომ ფრონტზე ვითარების შესაცვლელად მოკავშირეებისგან სწორედ ასეთი სამხედრო დახმარებაა აუცილებელი. საბრძოლო პოზიციები მოინახულა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლეკსანდრ სირსკიმ და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა. გენერალ-ლეიტენანტი სირსკიც აღნიშნავს, რომ ბევრ სფეროში სიტუაცია რთულია და დასძენს, რომ ფრონტზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა დაგეგმილი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კი მორიგი რუსული ა-50 ტიპის შორეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავი გაანადგურა. ფაქტი დაადასტურა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ამაზე საუბრობენ რუსულ სამხედრო ბლოგებში, თუმცა კრემლი ოფიციალურად არ ადასტურებს ამ დანაკარგს. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ ამ ოპერაციას კიევი ორი კვირის მანძილზე გეგმავდა. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლს მსგავსი ტიპის 6 თვითმფრინავი კვლავ დარჩა.

„დასახული ამოცანები შესრულდა. რუსეთმა დაკარგა საზღვაო ხომალდების ერთი მეოთხედი და იძულებული გახდა ფლოტი კავკასიაში გადაეყვანა. გადააადგილა ავიაციაც, რადგან ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომები და სამხედრო ობიექტები მუდმივად ჩვენი საცეცხლე ზემოქმედების ქვეშაა. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ 2023 წელს უკრაინის სპეცსამსახურები ყირიმში იქნებოდნენ და ეს პირობა შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზი ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევდი“, – აღნიშნავს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნის თქმით, გაზრდილია უკრაინის დაზვერვის შესაძლებლობები. ასევე ფართოდ დანერგილია პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო ინფორმაციის გამოყენების პრაქტიკა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გამოშვებულ რაკეტებს.

გასული 24 საათის განმავლობაში კი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კრემლის 9 უპილოტო საფრენი აპარატი და სამი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა კიევში გამართულ ფორუმზე „უკრაინა 2024 წელი“ განაცხადა, რომ დასავლური სამხედრო დახმარების ნახევარი უკრაინას დროულად არ მიეწოდება.

რუსულ სამხედრო ბლოგებზე საუბრობენ, რომ ავდიივკის აღების შემდეგ კრემლის სამხედრო მანქანა ფრონტის აღმოსავლეთი ნაწილის ცენტრალურ ფლანგზე იერიშს კვლავ აგრძელებს. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო არმია ბახმუტის ფლანგზეც გააქტიურდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend