ევროპის მთავრობებისა და ცენტრალური ბანკის ძალისხმევის მიუხედავად ევროპაში ინფლაცია იზრდება.
ენერგო ხარჯებს ემატება გეოპოლიტიკური კრიზისები, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგალითად, ესაა რუსეთის ომი უკრაინაში, ომი ღაზაში, ჰუსიტების რამდენიმე თავდასხმა წითელ ზღვაში და დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებში.
„ყველა კრიზისი თავისებურად გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე. საბოლოო ჯამში საქმე ეხება გაზრდილ ხარჯებს. გაზრდილია ტრანსპორტის, უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის ხარჯები“, – ამბობს დიმიტრიოს რალისი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამდივნოს გენერალური მდივნის მოადგილე.
აზიიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან ევროპაში, პროდუქციის მიწოდება შეფერხებულია, რაც გავლენას ახდენს ფასებზე.
„ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ბოლო კვარტალში გადაზიდვების ღირებულება 100%-ით გაიზარდა“, – ამბობს ანგელოს ვლახოსი, კავალას პორტის აღმასრულებელი დირექტორი.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროპელი მომხმარებლის უზრუნველსაყოფად საჭირო და საკმარისი პროდუქციით აუცილებელია ვითარდებოდეს ახალი სატრანსპორტო დერეფნები აზიასა და ევროპას შორის. მათი თქმით, დღეს ყველაზე რეალური შუა დერეფანია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიისა და საქართველოდან შავი ზღვის გავლით.
„მიმდინარეობს საუბრები ალტერნატიულ დერეფნების შესახებ, რომლებიც ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე იქნება გადაჭიმული. არსებობს სამი ალტერნატივა. შავი ზღვა შეიძლება გახდეს დერეფანი, რომელიც ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება პირეოსის პორტზე და ასევე გავა ჩრდილოეთით უნგრეთსა და ცენტრალურ ევროპაში“, – ამბობს ჰუან რენვეი, ფუდანის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
ევროკავშირსა და ჩინეთში შუა დერეფნის განვითარებაზე ახლა უფრო მეტს ფიქრობენ. მიაჩნიათ, რომ ამ გზით პროდუქცია მოსახლეობას უსაფრთხოდ და დროულად მიეწოდება.
,„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს კვეთს. სანამ ევროპამდე მიაღწევს, ის ასევე გაივლის კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. ეს გზა გვერდს უვლის როგორც რუსეთს, ისე ტრადიციულ საზღვაო მარშრუტს ინდოეთის ოკეანეში. იგი ასევე გვერდს უვლის ირანსაც.