მსოფლიოში აღიარებული ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი წელს, 1 მაისს, საქართველოში ევროპაკონცერტს გამართავს. ეს ტრადიციაა, რომელიც უკვე 30 წელზე მეტს ითვლის.
ევროპაკონცერტს ორი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ, ღონისძიება აღნიშნავს ორკესტრის დაბადების თარიღს, 1882 წლის 1 მაისს, მეორე მხრივ კი, ევროპაკონცერტი ერთიანი ევროპის იდეას ატარებს, რადგან პირველი ევროპაკონცერტი ბერლინში სწორედ გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1991 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ტრადიციაც აღარ დარღვეულა.
1991 წლიდან ევროპაკონცერტი ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, კონტინენტის უკიდურეს დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში. წელს კი ევროპაკონცერტი პირველად ჩამოვა საქართველოში. ბელინის ფილარმონიული ორკესტრი პირველ კონცერტს წინანდლის მამულის ამფითეატრში გამართავს, ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად. მეორე კონცერტი თბილისში გაიმართება. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ფონდის გენერალური მენეჯერის, ანდრეა ზიჩმანის განცხადებით, წლევანდელი ღონისძიებისთვის საქართველო საგანგებოდ შეირჩა, როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპული კულტურის ნაწილია და რომელსაც უამრავი არაჩვეულებრივი მუსიკოსი ჰყავს..
ევროპაკონცერტს საქართველოში Silk Hospitality მასპინძლობს, TBC-ის, VISA-სა და Mercedes-Benz Georgia-ს მხარდაჭერით.