გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-ზე მეტი სკოლა განადგურდა, ხოლო მუდმივი დაბომბვის გამო მილიონობით უკრაინელი მოსწავლე სწავლას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
სკოლების მხოლოდ მეოთხედს შეუძლია გაკვეთილების ადგილზე ჩატარება. დაშა რედვანსკას, რომელიც 11 წლისაა, თითქმის საერთოდ არ უვლია სკოლაში. ჯერ კორონავირუსის პანდემია იყო, შემდეგ კი მას რუსეთის ინტერვენცია მოჰყვა.
დაშა ამბობს, რომ, როდესაც საჰაერო განგაშის ხმა ისმის, სწავლის პროცესი წყდება და ყველანი სარდაფში ჩადიან. ამ დროს არ შეიძლება მისაღებ ოთახში დარჩენა, რადგან იქ ბევრი ფანჯარაა.
რუსეთის საზღვართან ახლოს, ხარკივის რეგიონში, მიწისქვეშა სკოლები შენდება, რათა რუსული რაკეტებისგან იყოს დაცული.
მშენებელ ვლადისლავ ჰუდოჩრომოვის თქმით, თავშესაფარი ისეა აგებული, რომ 3 კვირის განმავლობაში ადამიანებს არ მოუწიოთ გარეთ გასვლა. ადგილზე ყველაფერი იქნება, როგორც ინტერნეტი, ისე ნებისმიერი სხვა სახის კავშირგაბმულობა.
სკოლა, რომელიც სპეციალიზებულია ხელოვნებისა და IT-ის მიმართულებით, მთელი რეგიონიდან იღებს ბავშვებს.
სკოლის დირექტორი სვიტლანა ვოლჩკოვა ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები სახლებიდან გამოვიდნენ და სხვა ბავშვებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. მათთვის აუცილებელია, გამოელაპარაკონ და ჩაეხუტონ ერთმანეთს. სკოლის დირექტორს იმედი აქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი.
ეს სკოლა თავშესაფარიც არის და მასში 400 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.