მთავარისაქართველოსად არის გასასვლელი?

სად არის გასასვლელი?

ანა სიხაშვილი მეოთხე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ უსინათლო ადამიანების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭიროა სპეციალური რელიეფური ფილები.

„აქ რომ იყოს მიმართულების მიმცემი რელიეფური ფილა, რომელიც მე მაჩვენებდა საით არის პირობითად გასავლელი, ცენტრალური შესასვლელი და სხვა, ძალიან კარგი იქნებოდა. ამ შემთხვევაში მე არ მომიწევდა სივრცეში, ფაქტობრივად ჰაერში გამოკიდებულს სიარული“, – აცხადებს ანა სიხაშვილი.

მაგრამ ანას უნივერსიტეტში, სადაც ყოველ დღე უწევს მისვლა, რელიეფური ფილები არ არის.

„უსინათლო ადამიანი რომ უსაფრთხოდ გადაადგილდეს, საჭიროა სპეციალური რელიეფური ფილები. მე რომ მივდივარ, უნდა მქონდეს მზაობა, რაიმე ბარიერი, ე.წ. „სთოფ საინი“, რომელიც მაჩვენებს რომ წინ არის კიბე, კარი ან რაიმე სახის ბარიერი“, – ამბობს ანა.

ანას თქმით, საქართველოში შშმ პირებს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ უწევთ. არადა  დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების შესახებ კონვენციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს, რომ მთავრობამ და საჯარო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ფიზიკური და ციფრული საშუალებისა და სერვისის მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

გიგა სოფრომაძე იურიდული ფაკულტეტის სტუდენტი და თბილისის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანია. ამბობს, რომ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზა და მისი ინფრასტრუქტურა გადამწყვეტი ფაქტორი იყო უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას.

” სირთულეები, რომლებსაც შშმ პირები აწყდებიან, საბოლოო ჯამში ერთნაირია – ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა, პანდუსები, ლიპტები, გახმოვანების სისტემები. ამ კომპონენტების მოწესრიგება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე სკოლებსა და უნივერსიტეტებშია აუცილებელი. შშმ პირებმა უნდა იაქტიურონ. სადაც კი შეეძლებათ – სოციალურ ქსელებში, პირად საუბრებსა თუ ოფიციალურ უწყებებთან. ეძებონ გზები იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ამ პრობლემების მოგვარება შეუძლიათ“, – ამბობს გიგა სოფრომაძე.

სახალხო დამცველის აპარატმა ახალი კვლევა ჩაატარა.საქართველოს 10-მდე უნივერსიტეტი შეისწავლა და გააკეთა დასკვნა, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მოთხოვნებს.

ნინო ვალიკოვი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ კვლევის შედეგად არა მხოლოდ ძველი აშენებული უნივერსიტეტები, არამედ – ახლებიც ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს.

„ჩვენ მონიტორინგი განვახორციელეთ ქვეყანაში მოქმედ 11 უნივერსიტეტში. მათ შორის, რეგიონებშიც. მოვიცავით მრავალფეროვანი ბაზა უნივერსიტეტებისა. ჩვენი მთავარი მიგნება არის ის, რომ უნივერსიტეტების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების მოთხოვნებს“,- აცხადებს ნინო ვალიკოვი.

სოფიკო მენაბდიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტია. ამბობს, რომ შშმ პირებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული უფლება თანაბარ გარემოში იცხოვრონ.

„საქართველოში გვაქვს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ასევე მივიღეთ შშმ პირების უფლებების შესახებ კანონი, რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება მიაწოდოს განათლება ყველას თანასწორად. ამ ვალდებულების შესრულება სახელმწიფოს ამ კანონის მიღებამდეც ჰქონდა, რადგან ჩვენ რატიფიცირებული გვაქვს შშმ პირების შესახებ კონვენციაც“,- ამბობს სოფიკო მენაბდიშვილი.

2020 წელს მიღებული კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ ამბობს, რომ 2035 წლისთვის ყველა ობიექტი, სერვისი ან  პროგრამა უნდა იყოს სრულად მისაწვდომი და უნივერსალური დიზაინის პრინციპებით მოწყობილი შშმ პირებისთვის. თუმცა მანამდე შშმ პირების უფლება, მიიღონ განათლება თანასწორუფლებიან გარემოში, დაუცველი რჩება.

საუნივერსიტეტო არდადეგები დასრულდა. ანა და გიგა, სწავლას უბრუნდებიან და ეს კი ნიშნავს, რომ ამ გზაზე, მათ ისევ ეღობებათ მოუწყობელი ინფრასტრუქტურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend