მთავარიევროპაუკრაინარუსული სამხედრო დანაკარგი უკრაინაში

რუსული სამხედრო დანაკარგი უკრაინაში

რუსეთის მიერ რამდენიმეთვიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დონეცკის რეგიონში დასახლება ავდიივკა უკრაინულმა ძალებმა დატოვეს. ამ ფაქტის შემდეგ დასავლურ კვლევით ორგანიზაციებში საუბარი დაიწყეს რუსულ სამხედრო დანაკარგზე. ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, რომ კრემლმა ამ ერთი დასახლების აღებისას დიდი ოდენობის ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა დაკარგა.

ავდიივკის დასაკავებლად ბრძოლა რუსული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა. რუსული სამხედრო მანქანა, ე.წ. საზარბაზნე ხორცის გამოყენებით, დიდი ძალით უტევდა ამ დასახლებას. შედეგად ეტაპობრივად აპატარავებდნენ ავდიივკის ალყას. განსაკუთრებით რთული იყო ე.წ. „ტერიკონის“ სიმაღლის დაკავება. ძალიან დიდი დანაკარგის შედეგად ეს სიმაღლე გასული წლის 24 ოქტომბერს აიღეს რუსებმა. ამის შემდეგ კვლავ გაგრძელდა დონეცკიდან 2 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაზე რუსული სამხედრო ზეწოლა. იყო საარტილერიო, საავიაციო, ჯავშანსატანკო, ბალისტიკური სარაკეტო იერიშები. მთავარი მიზანი რუსული არმიისა ის იყო, რომ გადაეკეტა ავდიივკაში შემავალი მნიშვნელოვანი გზა, რომლის დახმარებითაც უკრაინის მცველებს სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდნენ. ამის განხორციელებამ კი ავდიივკის დაცვა გაართულა. უკრაინამ თავისი ძალები გაიყვანა ქალაქიდან, შედეგად ავდიივკაში რუსული დროშები აფრიალდა. ბრძოლა ავდიივკის ფლანგებზე კვლავ გრძელდება. რუსეთი ცდილობს, ზეწოლა გაზარდოს და პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესოს. ავდიივკის ფართობი 29 კვადრატული კილომეტრია. ესაა დაახლოებით ქალაქ რუსთავის ნახევარი ფართობის მქონე დასახლება და მის ასაღებად, „ბიზნესინსაიდერის“ ცნობით, 13 000 სამხედროზე მეტი დაკარგა კრემლმა. განადგურდა 220-ზე მეტი რუსული ჯავშანტექნიკა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ უამრავი რუსი სამხედრო დაიღუპა, რუსეთის მხარეს 30 ათასი ჯარისკაციც დაიჭრა. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, ამ დანაკარგის საფასური ის იყო, რომ რუსულმა არმიამ კილომეტრ-ნახევრით წაიწია წინ.

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ მხოლოდ ჯავშანტექნიკის თვალსაზრისით, უკრაინაში რუსეთის 9 ათასამდე ტანკი და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა განადგურდა. დიდი დანაკარგი იყო მშრალ სეზონზე, როდესაც ტექნიკის მობილობა მაღალია. დანაკარგი შემცირდა წვიმის დროს, ხოლო როდესაც მიწა გაიყინა, რუსეთმა კვლავ დიდი ზარალი განიცადა. მიუხედავად ამხელა დანაკარგისა, რუსეთს კვლავ აქვს დიდი საბრძოლო მარაგი. როგორც “სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის” ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთმა რამდენიმე ათასი სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკა აწარმოვა. ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთში არის 10 ცენტრალური სატანკო სარეზერვო ბაზა, მინიმუმ 37 შერეული ტექნიკისა და იარაღის ბაზა და ასევე 12 საარტილერიო ბაზა, რუსული აგრესიის შეწყვეტა შეიარაღების ნაკლებობის გამო ნაკლებად სავარაუდოა. “სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ცენტრი” ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ აღჭურვილობის შევსების რიცხვი იმდენია, რამდენსაც რუსეთი ბრძოლის ველზე კარგავს. შესაბამისად, კვლევითი ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ კრემლი უფრო მეტ ტექნიკას ვეღარ აგზავნის უკრაინაში. ეს კი არაა რუსეთისთვის სასარგებლო ინფორმაცია.

სხვადასხვა საერთაშორისო მედიის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს რუსული არმიის დანაკარგი 57%-ითაა გაზრდილი. როგორც ამბობენ, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 45 ათასი დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგი ბევრად მეტია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, რუსეთმა 400 ათას სამხედროზე მეტი დაკარგა.

ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა რთულია. მაგრამ ის, რომ მცირე ფართობის დასახლების ავდიივკის აღებას დიდი რუსული ძალა დასჭირდა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend