მთავარიმსოფლიოკარა-მურზას სასამართლო პროცესი

კარა-მურზას სასამართლო პროცესი

დღეს, 22 თებერვალს, გაიმართა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას, სასამართლო პროცესი, საიდანაც მან რუსეთის მოქალაქეებს მიმართა. ის სასამართლო დარბაზიდან მოუწოდებს რუსეთის საზოგადოებას, რომ არ დანებდნენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ. რუსული მედიასაშუალება „სოტას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში პოლიტპატიმარი ამბობს, რომ უშიშროების ფედერალურ სამსახურში არსებობს ე. წ. სიკვდილის რაზმი, “სახელმწიფოს სამსახურში ჩამდგარი პროფესიონალ მკვლელთა ჯგუფი”, რომლის ამოცანაც პუტინის რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციაა. მან აღნიშნა, რომ ახლა სასოწარკვეთისთვის სრულიად შეუფერებელი დროა და სწორედ უიმედობის გაღვივებაა ის, რაც რუსეთის ხელისუფლებას სურს.

„არსებული სასოწარკვეთა და იმედგაცრუება ადამიანურია და სრულიად გასაგებია. მეც მთელი კვირაა დაბნეული ვარ. მომხდარს ვერც გონებით და ვერც ემოციურად ვერ ვიაზრებ. მათ სწორედ ის სჭირდებათ, რომ სასოწარკვეთასა და უიმედობას მივეცეთ. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ და იმას მივაღწიოთ, რისთვისაც ისინი ცხოვრობდნენ და დაიღუპნენ. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთი გახდეს ნორმალური, ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს მოხდება. როგორც არ უნდა მოინდომონ, ამას ვერ შეაჩერებენ. საკუთარ თავს უიმედობის უფლებას ვერ მივცემთ. როგორც თავად ნავალნიმ თქვა, არ უნდა დავთმოთ და არასდროს დავნებდეთ“,-ამბობს ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი, პოლიტპატიმარი.

კარა-მურზა სახელმწიფო ღალატისთვის 25-წლიან სასჯელს იხდის. ამბობს, რომ მისი მოწამვლა რეჟიმმა ორჯერ, 2015 და 2017 წლებში, სცადა. იანვარში ის ციმბირის ციხეში გადაიყვანეს და სამარტოო საკანში მოათავსეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend