ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ღაზაში არსებული მდგომარეობა როგორც ჰუმანიტარული, ისე ჯანდაცვის თვალსაზრისით, კატასტროფულია და, რაც ყველაზე ცუდია, სულ უფრო უარესდება.
ისრაელი კი აგრძელებს იერიშებს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის შეტევას გუშინ 67 პალესტინელი ემსხვერპლა.
ჯანმოს ხელმძღვანელმა ღაზის სექტორს მკვდარი ზონა უწოდა, რადგან რეგიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი განადგურებულია. მისი თქმით, დაიღუპა 29 000-ზე მეტი ადამიანი, ბევრი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად მიიჩნევა.
#Gaza: "What type of world do we live in when health workers are at risk of being bombed as they carry out their life saving work?" – @WHO chief, Tedros Ghebreyesus pic.twitter.com/5jvKyx8lBm
— UN News (@UN_News_Centre) February 21, 2024
ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა იმათი რაოდენობა, ვინც არასაკმარისად იკვებება, ზოგიერთ ადგილას კი ეს მაჩვენებელი 1 პროცენტიდან 15 პროცენტამდე ავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ მოუწოდებს ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ხოლო მთავრობები გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად სხვადასხვა გზას განიხილავენ, ისრაელის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მოსახლეობა და მათ მიერ არჩეული წარმომადგენლობა არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი, როგორიც ახლაა. ქნესეტმა უმრავლესობით დაუჭირა მხარი, შეეწინააღმდეგოს ისრაელზე ნებისმიერ ზეწოლას პალესტინის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით. ბენიამინ ნეთანიაჰუ დასძენს, რომ მშვიდობას მიაღწევენ მაშინ, როდესაც გაიმარჯვებენ „ჰამასზე“.
ამ ბრძოლისა და „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების მისიის ნაწილია ქალაქ რაფაჰში შესვლა, სადაც ღაზის მოსახლეობის 2 მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. ვაშინგტონი კვლავ აფრთხილებს ისრაელს, რომ თუ სამხედრო ოპერაცია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით არ ჩატარდება, რაფაჰში კატასტროფა დატრიალდება.