ალექსანდრე თვალავაძე და გივი ცერაძე ყოველწლიურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო სპორტულ შეჯიბრებებში. მათი თქმით ასეთი შეჯიბრებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.
„ საუნივერსიტეტო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან უნივერსიტეტში გარდა სწავლისა უნდა იყოს ისეთი აქტივობები, რომლებიც სტრესის გადალახვაში დაგეხმარება. საინტერესო გამოცდილებაა იმ კუთხითაც, რომ იცნობ, უახლოვდები ახალ ადამიანებს, გცნობენ და გკითხულობენ… ასევე, პირველ რიგში, სპორტი ჯანმრთელობაა და ვფიქრობ, ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს მსგავსი აქტივობები“, – თქვა გივი ცერაძემ.
სტუდენტები ამბობენ, რომ თუ პროფესიულ სპორტში ვერ მოხვდებიან, სტუდენტობისას მაინც იასპარეზებენ თავიანთ თანატოლებთან ერთად.
„იმ ხალხისთვის, ვინც ყოფილი სპორტსმენია და გარკვეული მიზეზების გამო ვერ აიხდინა დიდ სპორტში თამაშის სურვილი, უნივერსიტეტის შიდა ტურნირები მოტივაციის ამაღლებასა და წარსული ნოსტალგიის დაკმაყოფილებას ხელს უწყობს”, – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ალექსანდრე თვალავაძე.
ლუკა ონიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსია. მისი თქმით, ქვეყანაში საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება აუცილებელია.
„ მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ვიცით, ძალიან ბევრ ქვეყანაში საუნივერსიტეტო სპორტი არის პირველი ეტაპი სპორტსმენებისთვის და შემდეგ გადადიან პროფესიონალურ სპორტში. ჩვენ ვალდებული ვართ, სტუდენტებს შევუქმნათ შესაბამისი გარემო და პირობები, იმისთვის რომ განვითარდნენ, წინ წავიდნენ და უკეთეს სპორტსმენებად ჩამოყალიბდნენ”, — აცხადებს ლუკა ონიანი.
კონსტანტინე ჯინჭარაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე სწავლობს. ფეხბურთი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამბობს, რომ საუნივერსიტეტო სპორტულმა შეჯიბრებებმა მას დიდი გამოცდილება მისცა. ფეხბურთში კი ეს ძალიან დაეხმარა.
„ ძალიან ბევრი ვისწავლე და სხვასაც გავუზიარე ჩემი გამოცდილება, უნივერსიტეტში მიმდინარე ჩემპიონატებმა მომცა ის გამოცდილება რომ უფრო დიდ ტურნირებსა და შეჯიბრებებში მიმეღო მონაწილეობა“, – თქვა კონსტანტინე ჯინჭარაძემ.
გიგი შუბითიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ მათი სტუდენტები ხშირად წასულან საერთაშორისო შეჯიბრებებზე.
„უნივერსიტეტი დიდ შანსს აძლევს სტუდენტებს. მაგალითად, შარშან ჩვენი სტუდენტი, მოჭიდავე თორნიკე გრიგალაშვილი ხორვატიაში წავიყვანეთ, რომელმაც ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ტურნირში მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედლით დაბრუნდა შინ. ეს იყო მისთვის ძალიან დიდი ასპარეზი უნივერსიტეტიდან საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისა და ჭიდაობის“, — ამბობს გიგი შუბითიძე.
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან ერთად, ალექსანდრე, გივი და კონსტანტინე ისევ მიიღებენ მონაწილეობას საუნივერსიტეტო სპორტულ შეჯიბრებებში. მართალია ეს დიდი სპორტი არ არის, თუმცა მათთვის საინტერესო ასპარეზია.