მთავარიმსოფლიოპუტინის კრიტიკოსები გისოსებს მიღმა

პუტინის კრიტიკოსები გისოსებს მიღმა

“საუკეთესონი იღუპებიან – ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები და ისინი, ვისთვისაც ყველაფერი სულ ერთი არ არის… ხოლო ბრუნდება ყველა… ყველა მათ გარდა, ვინც საჭიროა.

შურისმაძიებელი, ლაჩარი, მხდალი და ხარბი მოხუცი კი ძველებურად სასიკვდილო მარწუხებით ებღაუჭება და სპობს ყველას, ვისზეც ფიქრობს, რომ მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის.

ამ კაცმა 25 წლის განმავლობაში მხოლოდ სიკვდილი მოიტანა. სიკვდილი მოიტანა შემოდგომის იმ ღამიდან, როდესაც მძინარე, მშვიდობიანი მოქალაქეები საკუთარ სახლებში ააფეთქეს.

და შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდოსტი, ბესლანი,საქართველო, სირია და უკრაინა, დაბადების დღის საჩუქრად მოკლული ანა პოლიტკოვსკაია, ბორის ნემცოვის ზურგში ტყვია, სეირნობის დროს გარდაცვლილი ნავალნი”, – ასე ეხმაურება პუტინის კიდევ ერთი პირადი პატიმარი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.

რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს დარბაზში სასამართლო პროცესის დროს, 31 ივლისი, 2024 წელი. 42 წლის კარა-მურზა სამშობლოს ღალატის ბრალდებით 25-წლიან სასჯელს იხდის. Copyright AP Photo/Dmitry Serebryakov

ვლადიმირ კარა-მურზა 42 წლის პოლიტიკოსია, რომელსაც 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლები, პუტინის ხელისუფლების კრიტიკა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობა მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სწორედ სახელმწიფოს ღალატად შერაცხა.

ნავალნის მსგავსად კარა-მურზაც გადაურჩა მოწამვლას. ამბობს, რომ კრემლმა მისი მოკვლა ორჯერ, 2015 და 2017 წელს, სცადა. ის 2015 წელს მოსკოვში მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, ახლო მეგობარიც იყო.

ახლა პატიმარი პოლიტიკოსის ახლობლები შიშობენ, რომ კარა-მურზაც ალექსეი ნავალნის ბედს გაიზიარებს.

ნავალნის ცხედარი კი ჯერ კიდევ არ გადაუციათ ოჯახისთვის. ნავალნის დედა არ შეუშვეს მორგში, სადაც, სავარაუდოდ, მისი შვილის ცხედარი ინახებოდა. სამშაბათს კი ლუდმილა ნავალნაიამ სალეხარდში მემორიალთან ყვავილები მიიტანა.

რუსეთში ამბობენ, რომ გამოიძიებენ ნავალნის გარდაცვალების საქმეს, თუმცა მოსკოვის სიტყვების არავის სჯერა და ევროკავშირი თავად გეგმავს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას.

სანამ უამრავ კითხვას პასუხი გაეცემა, ჯერ კიდევ უამრავი პოლიტიკური პატიმარი რჩება რუსეთის ციხეებში. მათი ახლობლები ფიქრობენ, რომ რეჟიმის პატიმრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევგენია კარა-მურზა ამბობს, მისი ქმრის სიცოცხლე საფრთხეშია: „მჯერა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, ისევე როგორც საფრთხეშია ბევრი პოლიტპატიმრის სიცოცხლე, რომლებიც პუტინის გისოსებს მიღმა რჩებიან…

ყოველდღე მეშინია, რომ ჩემს ქმარს მოკლავენ. ეს მაშინ დაიწყო, როცა 2015 წელს პირველად მოწამლეს. ამ წლების განმავლობაში ყოველ ღამე ტელეფონი მიდევს ბალიშის გვერდით, რადგან ვიცი, რომ ყოველ წუთს შესაძლოა ზარი გაისმას“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend