მთავარისაქართველოსაქორწინო ხელშეკრულება, როგორც უფლება და შესაძლებლობა

საქორწინო ხელშეკრულება, როგორც უფლება და შესაძლებლობა

საქორწინო ხელშეკრულებამ, როგორც უფლებამ და შესაძლებლობამ, მეუღლეებმა სურვილისამებრ განკარგონ საკუთარი ქონებრივი უფლებები, საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა. ხელშეკრულებების გაფორმების სტატისტიკა მცირედით, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება, თუმცა საერთო სურათი უცვლელია: ქართველი წყვილების უმრავლესობა საქორწინო კონტრაქტის გაფორმებას არ განიხილავს არც ქორწინებამდე და არც ქორწინებაში ყოფნისას.

რესპონდენტებმა კითხვაზე, თუ რა იციან საქორწინო ხელშეკრულების შესახებ, ამგვარად გვიპასუხეს:

„არაფერი ვიცი საქორწინო კონტრაქტზე და არც გარშემომყოფებისგან გამიგია მსგავსი ინფორმაცია. მგონი, არავინ იყენებს“.

„დიდად ინფორმირებული არ ვარ, მაგრამ რამდენადაც წამიკითხავს, ცუდი არ არის. ალბათ, დღევანდელი ცხოვრებისა და ურთიერთობებისთვის საჭიროცაა“.

„ჩვენთან ალბათ სირცხვილია, რომ საცოლემ საქმროს ხელშეკრულების დადება სთხოვოს. გაარკვიოს, განქორწინების შემთხვევაში როგორ განაწილდება ქონება“.

„ეს უნდობლობას არ ნიშნავს. უბრალოდ, ერთგვარი თავის დაზღვევაა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი მარადიული არ არის“.

„საქორწინო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“.

„იურიდიულად მომწონს, თუმცა ფსიქოლოგიური კუთხით, ალბათ, გააჩნია რა ეტაპზეა წყვილი, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს“.

„საქართველოში ჯამში 1000-ამდე ხელშეკრულებაა დარეგისტრირებული, თუმცა უმეტესად ხელშეკრულებას უცხოელები აფორმებენ. ამგვარი კონტრაქტი ნაკლებად პოპულარულია და ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეებში ინფორმაციაც ნაკლებად არსებობს. მათ შორისაც, ვინც იცის, დიდად პოპულარული არ არის. ჩვენთვის შეიძლება ეს უხერხულობას ქმნიდეს, თუმცა უცხოელი მოქალაქეებისთვის, ევროპიდან თუ ამერიკიდან, საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება და ქონებრივი უხერხულობისა და იმის წინასწარი დაზღვევა, რაც შეიძლება განქორწინებას მოჰყვეს, მიღებული ფორმაა. საქორწინო ხელშეკრულება თავისი არსით სწორედ ამას აზღვევს. თუ წყვილები გადაწყვეტენ განქორწინებას, მათ წინასწარი ხელშეკრულებით ექნებათ რეგულირებული ის ქონებრივი საკითხები, რომელთა გამოც, როგორც წესი, დავა ხდება ხოლმე”, – ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნიკა მაღედანი.

საქორწინო ხელშეკრულება სანოტარო წესით მოწმდება და ფორმდება როგორც ქორწინების რეგისტრაციისას არსებულ, ისე ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე. ხელშეკრულების დამოწმებისას თანაბრადაა გათვალისწინებული ორივე მეუღლის უფლება და სურვილი, რაც ერთ-ერთი მეუღლის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებას გამორიცხავს.

„პროცედურა საკმაოდ მარტივია. დაინტერესებული მხარეები, მოქალაქეები უნდა გამოცხადდნენ ნოტარიუსთან პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით. შინაარსი მათ სურვილსა და ურთიერთშეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ კონტრაქტში გამორიცხულია ისეთი პირობის ჩადება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ერთ-ერთ მეუღლეს. ესეც საქორწინო კონტრაქტის ერთ-ერთი დადებითი მხარეა, რადგან მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები თანაბრად გათვალისწინებულია“, – ამბობს ნოტარიუსი ნინო კაკაბაძე.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ამბობენ, რომ საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ტენდენცია მზარდია. 2024 წელს ამ ტიპის კონტრაქტს ხელი უკვე 13-მა წყვილმა მოაწერა.

„როდესაც საქორწინო ხელშეკრულება კანონმდებლობით გაითვალისწინეს, კონტრაქტისადმი მიუღებლობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ წლებთან ერთად სტატისტიკა იცვლება. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი თვის განმავლობაში 13 ხელშეკრულება საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია“, – აღნიშნავს ნინო კაკაბაძე.

საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აღნიშნავენ, რომ საქორწინო ხელშეკრულება მარტივი გზაა იმისთვის, რომ განქორწინების შემთხვევაში წყვილებმა სასამართლო დავას თავი აარიდონ.

„ბევრი საკითხი, რომლებიც შეიძლება სასამართლოში გახდეს სადავო და განქორწინების შემდეგ წლები დასჭირდეს, შესაძლებელია, განქორწინებამდე მარტივად გადაწყდეს ამ ხელშეკრულებით. თეორიულად სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს და საქორწინო ხელშეკრულების ფარგლებშიც შეიძლება საქმე სასამართლო დავამდე მივიდეს, მაგრამ როცა წერილობით დადებულ და ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებაში გარკვეული პირობა გათვალისწინებულია, მისი შეცვლა სასამართლოს გზით იშვიათად ხდება“, – ამბობს ნიკა მაღედანი.

საქორწინო ხელშეკრულების დადება როგორც ქორწინებამდე, ისე ქორწინების დარეგისტრირების შემდეგაც შეიძლება. ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი კონტრაქტის გაწყვეტა, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ცვლილებაც. საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების დადება 1997 წლიდანაა შესაძლებელი. მას შემდეგ ამ ტიპის ხელშეკრულებათა რაოდენობა სტაბილურად, თუმცა ძალიან ნელა იზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend