მთავარისაქართველოცესკოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა

ცესკოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა

საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები დღეს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. ამ ცვლილებას მხარი დარბაზში მყოფი 116 დეპუტატიდან 81-მა დაუჭირა, 6 კი წინააღმდეგ წავიდა.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა სამ ეტაპად მოხდება. პირველ ეტაპზე 90 დეპუტატის მხარდაჭერით. თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, შემდეგ ორ ეტაპზე 76-ხმიანი მხარდაჭერით ჩატარდება პროცედურა. თუ ამ წესითაც ვერ მოხერხდა ცესკოს დაკომპლექტება, საქმეში პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთვება. თუ პრეზიდენტმაც ვერ შესთავაზა პარლამენტს შესაბამისი კანდიდატურები, მაშინ ეს უფლება პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადავა. ამ გზებით არჩეული თავმჯდომარე და წევრები უფლებამოსილებას 5 წლით განახორციელებენ. მიღებული ცვლილებებით ცესკოში ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო კომისია შეიქმნება.

“ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ექნება ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია და ისეთი რეგულაციები, როგორებიც აქვს ყველა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოს. სწორედ ეს არის ჩვენი არგუმენტი, რომ ცესკო უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან დაცული და მას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არჩევნები მაქსიმალურად დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში ჩაატაროს. ხოლო მოდელი, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს პრაქტიკულად, არ აქვს არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს. მათ ვერ მოაქვთ ერთი მაგალითიც კი, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი რომელიმე განვითარებულ დემოკრატიაში მოქმედებს. ეს ადასტურებს ერთადერთს, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკური ჩარევის ბერკეტი ცესკოში და რაც მთავარია, იტოვებს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში შესაძლო მარცხი საარჩევნო ადმინისტრაციას დააბრალოს. ისინი უფრო ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, ვიდრე არჩევნების დღისა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ამიტომ სჭირდებათ მიზეზი, თუ რას დააბრალონ საკუთარი პოლიტიკური მარცხი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ცვლილებებით ცესკო მიითვისა და საარჩევნო სისტემა ერთპარტიულ კონტროლს დაუქვემდებარე. ამის მთავარ მაგალითად ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობის გაუქმება მოჰყავთ. მმართველი პარტიის ოპონენტები თვლიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიისა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნები ისე არ გაითვალისწინა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია 9 დათქმიდან, შესრულებულად ჩაითვალოს.

“ამ გადაწყვეტილებით, „ოცნება“ ფაქტობრივად იფორმებს ცესკოს. როდესაც გვიმტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდიან ისეთი მხარდაჭერა აქვთ… თუ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რაში სჭირდებათ ცესკოს გადაფორმება? აქ ხომ ლოგიკა არ არის. თუ ასეთი მაგარი ხარ, თუ ბევრი ხალხი გიჭერს მხარს, მაშინ რატომ დაგჭირდა, რომ ცესკო პირდაპირ დაიქვემდებარო? არათავსებადია ეს ყველაფერი და პირდაპირ მიუთითებს, რომ მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზე არიან“, – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული ცვლილებების ამ ფორმით მიღებას, ოპოზიციის ნაწილთან ერთად, ევროკავშირის მოთხოვნის ჩავარდნად მიიჩნევს სამოქალაქო სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ მმართველმა პარტიამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და პროცესი ერთპარტიულ გადაწყვეტამდე დაიყვანა.

„მესამე მოსმენით ამ ცვლილების მიღება სამწუხაროდ, ისევ იმის გაგრძელებაა, რომ რეკომენდაციები არ შესრულდება ისე, როგორც ამას ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს და როგორც ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნებში. ის ცვლილებები, რომლებიც ამ ეტაპზე კანონმდებლობაში არის ასახული, ისევ ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ერთპარტიულად მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, რაც ცესკოს მიმართ ნდობას დაასუსტებს.

მთავარი გამოწვევა არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა. როდესაც პოლიტიკური გუნდი არის უფლებამოსილი, რომ დააკომპლექტოს და აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ეს ტოვებს იმის რისკებს, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა დარჩება დაბალი“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

ახლა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და წევრები მოვალეობას 6 თვით ასრულებენ. ახალი თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ელ მაისამდე აქვს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend