„ევრონიუსი“ აშუქებს იმ ახალგაზრდების ცხოვრებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც შეძლეს დიდი სირთულეების გადალახვა და რეალურად შეცვალეს საკუთარი ან სხვების ცხოვრება. ერთი მათგანია ესპანელი ბიოლოგი და შეფმზარეული, რომელიც თავისი საქმიანობით ბუნებისა და ხელოვნების სიყვარულს ნერგავს.
მეცნიერული პრინციპების ხელოვნებად გარდაქმნა გემრიელი კერძების შექმნის მთავარი გასაღებია. ესპანეთში ერთი შეფმზარეული, რომელსაც ბიოლოგის განათლება აქვს, კულინარიაში ნამდვილ გარდატეხას ახდენ ბოტანიკის მეშვეობით.ს
კიკე გალიარდო უნიკალურ კულინარიულ მისას ასრულებს, რათა ადამიანი დედაბუნების მიერ შექმნილ სამზარეულოსთან დააკავშიროს. ის სიხარულით უზიარებს საკუთარ ცოდნას ადგილობრივი მცენარეების შესახებ გურმანებს.
The Edible Herbarium-ის დაფუძნება
როდესაც უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობდა, კიკე მიხვდა, რომ იმ მცენარეებისა და ყვავილების უმეტესობა რომელიც ირგვლივ ხარობს, იჭმება.
„ველური მცენარეები გვაკავშირებს იმ გარემოსთან, რომლის წიაღშიც ვცხოვრობთ,“ -ამბობს კიკე. „როგორც კი იგრძნობ და შეიცნობ, თუ რა ხდება შენ ირგვლივ, მაშინვე გიყვარდება ბუნება და მისი დაცვის სურვილი გიჩნდება.“
შემდეგ კიკემ მუშაობა დაიწყო ზოგიერთ კარგად ცნობილ რესტორანთან და მიხვდა, რომ იმ მცენარეებიდან, რომლებიც შეისწავლა, არის ის ინგრედიენტებიც, რომლებსაც კერძის მომზადების დროს იყენებენ. და ამის შემდეგ გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა ისეთი კერძი, რომელიც ჰერბარიუმისგან მიღებული საჭმელი ქაღალდისგან დამზადდებოდა.
კიკეს შემოქმედებითმა სწრაფვამ იგი საგანმანათლებლო პროექტის შექმნამდე მიიყვანა, რომლის მეშვეობითაც თავის ცოდნას მცენარეების შესახებ, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხარობს, სხვებსაც მიაწოდებდა. „მე დავიწყე კერძო სადილების მოწყობა, რათა დახვეწილი სამზარეულოს შესახებ ცოდნა გამევრცელებინა,“ – ამბობს კიკე.
ძლიერი გუნდი
ერთ-ერთ კერძო ადგილზე კიკე დანიელ ბასტილიოს შეხვდა, რომელიც ბიოლოგი და ილუსტრატორია. კიკემ დანიელი პროექტში მიიწვია, რათა ერთად დაეკავშირებინათ მეცნიერება ხელოვნებასა და გასტრონომიასთან.
„კიკეს 14 წლის წინ შევხვდი, როდესაც მადრიდში ბიოლოგიის შესასწავლად ჩამოვედი,“ -ამბობს დანიელი. „მან მითხრა საკვებად ვარგისი მცენარეების პროექტის შესახებ და დამარწმუნა, მონაწილეობა მიმეღო.
დანიელი თავისი ნახატებით სტუდენტებს ვიზუალურად აჩვენებს იმ მცენარეს, რომელსაც სწავლობენ.
„მე ილუსტრაციები მაბარია. ყველა იმ მცენარეს ვხატავ, რომელთა შესახებაც ჩვენს ღონისძიებებსა და შეკრებებზე ვსაუბრობთ,“ – ამბობს დანიელი. „გვინდა ვაჩვენოთ ის მცენარეები, რომლებსაც რეცეპტებში ვიყენებთ და მცენარის ის ნაწილები, რომლებიც სადილის მომზადების დროს გვჭირდება.“
გასვლითი ღონისძიებები
კიკე და დანიელი ბოტანიკის შესწავლის მიზნით ექსკურსიებსაც აწყობენ, რომლებზეც ხელოვნებასა და სამზარეულოს ერთმანეთთან აკავშირებენ.
„მცირე ლაშქრობა მოვაწყვეთ, რომლის დროსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვჩერდებოდით, რათა შეგვეხედა ამა თუ იმ მცენარისთვის და მეტი გაგვეგო მის შესახებ,“ – ამბობს კაროლინა სურო, პროექტის მონაწილე. „მაგალითად, დავხატეთ ეს მცენარე, რომელიც ერთ-ერთი ისეთი მცენარეა, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. მე რამდენიმე ისეთი საკვებად ვარგისი მცენარეც დავხატე, როგორიცაა, მაგალითად, ეს უმბილიკუსი, რომელსაც მცირე ზომის მრგვალი ფოთლები და მსუსხავი ბუსუსი აქვს, თურმე ესეც იჭმება და არ ვიცოდი“.
პაულა ფილგეირო, კიდევ ერთი პროექტის მონაწილე ამბობს:
„მე ღოლოს მსგავსი მცენარე გავსინჯე, აქამდე არასდროს გამისინჯავს. ძალიან მჟავე იყო. მის შესახებ ადრე არაფერი მსმენია. გადავწყვიტე, დამეხატა ეს ღოლო, რადგან ძალიან უცნაურად გამოიყურება“.
„ასეთმა გასვლებმა გვაფიქრებინა, რომ უნდა მოვაწყოთ ბოტანიკურ თემებთან დაკავშირებული ექსკურსიები. გაგვიჩნდა სურვილი, რომ ჩაგვეტარებინა ლექციები, გაგვემართა კულინარიული შოუები და შეგვექმნა მზარეულობის შემსწავლელი ჯგუფები,“ -ამბობს კიკე. „ჩვენი ცოდნა გავუზიარეთ მზარეულობის შემსწავლელ სკოლებსაც, ვასწავლეთ, თუ როგორ შეიტანონ ბოტანიკა თავიანთ რეცეპტებში და როგორ მოამზადონ საჭმელი ტყეში. აქედან დავიწყეთ ჩვენი ღონისძიებების ჩატარება – ვგულისხმობ მხატვრულად გაფორმებული კერძების გამოფენა-დეგუსტაციებს.“
ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე, კიკეს ერთი მშობელი მიუახლოვდა და უთხრა: „კიკე, ახლა ჩემი შვილი მცენარეებსაც, ბოსტნეულსაც და ხილსაც უსიტყვოდ მიირთმევს. ეს შესანიშნავია. ჩემი აზრით, ამ პროექტის გასტრონომიული მხარის წყალობით შეგვიძლია საოცარი ახალი გემოები და ტექსტურა გავსინჯოთ. კარგი იქნება, რომ ხალხი გავიდეს ქალაქგარეთ და თქვას: ოჰო, არ ვიცოდი, თუ ეს მცენარე იჭმებოდა.“
ამის შემდეგ კიკემ და დანიელმა გააცნობიერეს, რომ რაც ნამდვილად გვინდა, ეს არის ბუნების დაცვა ისე, რომ ხალხი დატკბეს ამით.
„ამიტომაც ეს პროექტი გაგრძელდება. ჩვენ განვაგრძობთ ხატვასა და გემრიელი საჭმლის გასინჯვას, რომელსაც ჩვენს ეკოსისტემაში მოვიპოვებთ. ჩვენ განვაგრძობთ საკუთარი გამოცდილების სხვა მსგავსი პროექტებისთვის გაზიარებას, რომლებსაც იგივე მიზნები აქვთ“,- ამბობს კიკე.
ავტორი: მოჰამედ ელაში