საწამლავი ჩაის ჭიქაში, წყლის ბოთლში, სახლში, სასტუმროს ნომერში… თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ფანჯრიდან გადავარდნა, გულის უეცარი გაჩერება, ტყვია, დანა და მუქარა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა თუ როგორ იშორებენ თავიდან კრემლის კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს თუ დაზვერვის ყოფილ აგენტებს.
თითქმის მეოთხედი საუკუნეა რუსეთს პუტინი მართავს და ამ წლების განმავლობაში მისი მტრების მკვლელობის მცდელობა ხშირი და ერთმანეთისგან არცთუ ისე განსხვავებულია.
ვლადიმერ პუტინის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ალექსეი ნავალნი ისევ დაპატიმრებულია, უფრო სწორედ მისი ცხედარი. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილის სხეული ოჯახის წევრებისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. ეჭვი გაჩნდა მისი გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებითაც. ნავალნის გუნდი მის სიკვდილში კრემლს ადანაშაულებს, ისევე როგორც კრემლის სხვა გარდაცვლილ კრიტიკოსთა ახლობლები. კრემლი კი ადამიანების მოშორებაში მონაწილეობას რეგულარულად უარყოფს.
ალექსეი ნავალნი, პიოტრ ვერზილოვი, ვლადიმირ კარა-მურზა, ანა პოლიტკოვსკაია, იური შჩეკოჩიხინი, ალექსანდრ ლიტვინენკო, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი – ეს იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, ვინც ან მოკლეს, ან მოწამლეს, ან ორივე ერთად. გადარჩენილები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ბრალს რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პუტინს სდებენ.
ვლადიმერ პუტინი ახლა 71 წლისაა, იმ დღეს კი როცა 54 წლის ხდებოდა, ანა პოლიტკოვსკაიას სახლის სადარბაზოში მკვლელი დახვდა, ლიფტში შესულს ხუთი ტყვია ესროლეს. ოთხი მკერდის არეში მოხვდა, მეხუთე – საკონტროლო გასროლა თავში. ეს საქმე არ გახსნილა…
7 ან 8 ტყვია მოხვდა ბორის ნემცოვს… კრემლთან ახლოს მდებარე ხიდთან მკვლელობამდე სულ რამდენიმე საათით ადრე პოლიტიკოსმა მოქალაქეებს მოუწოდა, გაეპროტესტებინათ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევა, შემდეგ მოკლეს.
სერგეი იუშენკოვსაც სახლთან ესროლეს. ის რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და ყოფილი მინისტრი იყო. ისიც პუტინს დაუპირისპირდა. და ისიც მოკლეს…
ნავალნის გარდაცვალებამდე რუსეთში ხალხი პრიგოჟინის სიკვდილმა შეაშფოთა. დაპირისპირებად და ღალატად ჩათვალეს კრემლში ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით შეიარაღებული მარში მოსკოვზე. ორ თვეში ავიაკატასტროფის დროს მოკვდა.
პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობის პრაქტიკა რუსეთში დიდი ხნის დანერგილი და ფართოდ გავრცელებულიაო – ამბობენ ექსპერტები. კრემლში კი პოლიტიკურ მკვლელობებთან კავშირს ყოველთვის უარყოფენ.