მთავარისაქართველოევროკავშირის 9 დათქმის შესრულებაზე კვლავ მსჯელობენ

ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებაზე კვლავ მსჯელობენ

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსთან ერთად მიიღო შესასრულებლად 9 წინაპირობა, უკვე რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა პოლიტიკურ პარტიებს შორის პარლამენტში. დახურულ კარს მიღმა მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 9-იდან სამ საკითხზე ისაუბრეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსა და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მსჯელობა ძირითადად ტექნიკურ საკითხებს შეეხო. როგორც ცნობილია, ეს მოთხოვნები ევროკავშირმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეიმუშავა, რათა კონკრეტული საკითხი შესრულებულად ჩაითვალოს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებს რჩევას უწოდებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შეიძლება გაითვალისწინოს, შეიძლება არა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ რეკომენდაციებს თავიანთი შეხედულებისამებრ შეასრულებენ, თუმცა არგუმენტირებულ შენიშვნებსაც გაითვალისწინებენ.

„სამი თემაა ჩვენი დღის წესრიგში. თუ დამატებითი იდეები არსებობს, მზად ვართ მოვისმინოთ. ვენეციის კომისიის დასკვნა არის რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს საქართველოს პარლამენტი იღებს. რეკომენდაციებს ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ, შეიძლება არა. გვაქვს მიდგომა, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან, რომ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით, რატომ არ ვითვალისწინებთ. ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის დირექტივა, დოგმა. ეს ყოველთვის არის მსჯელობის საკითხი. როდესაც არ ვითვალისწინებთ რეკომენდაციას, მაგალითად, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ჩვენ განვმარტავთ, რატომ არ ვითვალისწინებთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი არგუმენტი უფრო წონადია ამ დროს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

9 დათქმის განხილვებში მონაწილეობას პარტია „ლელოს“ დეპუტატები არ იღებენ. მათი აზრით, ეს პროცესი ფუჭია, რადგან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ფასადურად სურს ცვლილებები. შეხვედრაზე მყოფი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ამ რაუნდზე ფუნდამენტური საკითხები არ განუხილავთ და მმართველ პარტიასთან საკამათო ბევრი არაფერი ჰქონდათ. ნაწილი ფიქრობს, რომ ხმაურიანი განხილვა იქნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მმართველობის შენარჩუნებაში ეხმარება.

“დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა არც ერთი პრინციპული საკითხი, რომლის რეფორმასაც ვენეციის კომისია ითხოვს და საქართველოს სჭირდება. ეს არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა. ეს პრინციპული საკითხები დღეს არ განხილულა, ვიხილავთ მეორე ხარისხოვან საკითხებს, მაგალითად, ისეთს, როგორებიცაა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება, უნდა გამოქვეყნდეს თუ არა სპეციალური ანგარიში და რამდენჯერ უნდა გამოქვეყნდეს. ასეთი ტექნიკური საკითხების განხილვას მიეძღვნა დღევანდელი სხდომა. ჩვენთვის პრინციპული და არსებითი საკითხი არც ერთი არ არის”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

პოლიტიკოსებთან ერთად განხილვაში სამოქალაქო სექტორიდან საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, ჩვენმა ქვეყანამ შემდეგი ცვლილებები უნდა განახორციელოს: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლა; ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა; პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი; ასევე საარჩევნო რეფორმების დასრულება; ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება; ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით; დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება; ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება; მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის შემთხვევებში მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება.

თუ ამ პრინციპულ და ფუნდამენტურ რეფორმებს საქართველო სრულად არ განახორციელებს, ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირი გაწევრებაზე მოლაპარაკებებს სავარაუდოდ არ დაიწყებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend