მთავარისაქართველოცესკო სამოქალაქო სექტორთან ერთად მსჯელობს არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე

ცესკო სამოქალაქო სექტორთან ერთად მსჯელობს არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემატიზაციასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. ტექნიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების გასაცნობად ამჯერად ცესკო-მ შეხვედრა გამართა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთვებიან. საარჩევნო პროცესების ტექნიკური დეტალების გარდა ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის საკანონმდებლო ცვლილებასთან, თავმჯდომარის პოზიციაზე მისი კანდიდატურის წარდგენასა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

“მიმოვიხილავთ დღეს არსებულ საკანონმდებლო სივრცეს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ 26 ოქტომბერს გასამართი არჩევნები სამართლებრივ ჭრილში მაღალპროფესიულად და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარება. ასევე მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, გავცვლით აზრებს. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დარჩენილ რამდენიმე თვიან პერიოდში, თუ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ჩართული მხარეების მონაწილეობით შეიძლება გაუმჯობესდეს და განვითარდეს, ამის შესაძლებლობა გვქონდეს. ამით ვადასტურებთ ჩვენს ღიაობასა და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება”,- აცხადებს კალანდარიშვილი.

მისივე პასუხიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ ის თავის კანდიდატურას ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკისა და უნდობლობის მიუხედავად პარლამენტს წარუდგენს.

„საკანონმდებლო მოწესრიგება როგორიც არ უნდა იყოს, მისი შეფასება პოლიტიკოსების და სხვადასხვა ჩართული მხარის საგანია. ჩვენი ადმინისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ მის აღსრულებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ჩემი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ველოდები მოვლენების განვითარებას, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ, რაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, გამოაქვეყნებენ და მის საფუძველზე კონკურსი გამოცხადდება. თუმცა ერთი რამ შეიძლება აუცილებლად ითქვას, ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო ინსტიტუცია დიდი გამოწვევების წინაშეა, წინ 26 ოქტომბრის არჩევნებია, სადაც ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია იქნება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მხოლოდ ელექტრონული არჩევნების ტექნიკური პროცესი ვერ მისცემს ცესკოს მაღალი სანდოობით არჩევნების ჩატარების ლეგიტიმაციას, რადგან თუ თავად ცესკო არ დაკომპლექტდა სრული დემოკრატიული პროცესით, ზედაპირულ ცვლილებებს სასურველი შედეგი ვერ ექნება. ამ პოზიციის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორი დაგეგმილ არჩევნებში აქტიურ ჩართვას აპირებს.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და ჩვენი ორგანიზაცია აუცილებლად აქტიურად ერთვება ამ პროცესში, როგორც დამკვირვებელი და შემფასებელი ორგანიზაცია. თუმცა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა არ უნდა გადაფაროს მთავარი გამოწვევები და ის საკითხები, რაც რეალურად უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. კვლავ საფრთხეს უქმნის თავისუფალ არჩევნებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა და ა.შ.“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნანუკა ყრუაშვილი.

მსგავსი სახის შეხვედრა მანამდე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ყველა წესი და ტექნიკური მახასიათებელი, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში შევა, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით დაინერგება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend