მთავარისაქართველოვის სჭირდება “რუსული კანონი” ოკუპირებულ აფხაზეთში?

ვის სჭირდება “რუსული კანონი” ოკუპირებულ აფხაზეთში?

რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია – დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოსა და კრემლს შორის გაფორმდა ისეთივე რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს, როგორიც რუსეთშია.

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 7 თებერვალს ე.წ. პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“. კრემლის დავალებით, ამ კანონის მიღებას აფხაზეთში უკვე დიდი ხანია ცდილობენ, თუმცა აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობით, პროცესი აქამდე წარმატებით ვერ დასრულდა.

კანონპროექტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები შეიძლება აღიარონ უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ სახსრებს უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებულ პოლიტიკურ საქმიანობაში.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მოსკოვს რუსეთის გარშემო ყოველგვარი დემოკრატიის ნიშან-წყლის გაქრობა სურს, რადგან კრემლს თავისუფალი საზოგადოების ქრონიკული შიში აქვს.

„ეს კანონი არც აფხაზურ საზოგადოებას სჭირდება და არც დე-ფაქტო ხელისუფლებას. ეს კანონი სჭირდება კრემლს. აშკარად ეს არის ჩამოწოდებული რუსეთიდან. მეტიც, კრემლსა და დე-ფაქტო მთავრობას შორის 2020 წელს ხელი მოეწერა აფხაზური და რუსული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთს ავალდებულებს თავისი კანონმდებლობა დაუახლოოს რუსულ კანონმდებლობას. იქ 40-ზე მეტი პუნქტია. მათ შორის ერთ-ერთი, თუ არ ვცდები 37-ე სწორედ ამას ეხება, რომ გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება და ამით დემოკრატია შეასუსტოს ან მოსპოს. უკვე დიდი ხანია ამაზე მუშაობენ და არაერთი მინიშნება ყოფილა ამის მიღწევისთვის. პუტინს ეშინია დემოკრატიისა და თავისუფალი საზოგადოების რუსეთის ირგვლივ. ამიტომ ყველანაირად ცდილობს მის გარშემო მოაშთოს დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება. თუ დემოკრატიამ იმუშავა სამეზობლოში, იმუშავებს რუსეთშიც“,- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, ამ ე.წ. კანონს აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობისა და მცირე პროტესტის მიუხედავად მიიღებენ. მისი თქმით, ეს საკითხი არ წარმოადგენს მასობრივ საზოგადოებრივ ინტერესს, რამაც შესაძლოა დე-ფაქტო სამთავრობო ელიტა შეაშინოს.

„პროტესტი იქნება, მაგრამ მცირერიცხოვანი და არა ხანგრძლივი. იმ ხალხს, ვისაც მე ვიცნობ, გავლენა არ აქვთ საზოგადოებაზე, მათ უფრო მეტი გავლენა აქვთ ხელისუფლებაზე. თუმცა თუ მასობრივი პროტესტი ვერ გამოიწვიეს, ისინი ამ კანონის მიღების მსურველთ ვერ შეაკავებენ. საკითხი, რომელიც ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებას ეხებოდა, უფრო მტკივნეული იყო აფხაზური საზოგადოებისთვის, ვიდრე ეს კანონია. ეს გადაწყვეტილება დიდი პროტესტის მიუხედავად მაინც მიიღეს და ბოლოს აფხაზურმა საზოგადოებამ ჩაყლაპა. ამიტომ, ამ კანონის ირგვლივ დიდი ვერაფერი წინააღმდეგობა იქნება. როგორც ჩანს ამ კანონს მიიღებენ“, – აღნიშნავს კონფლიქტოლოგი.

ე.წ. რუსულ-აფხაზური გეგმის მიხედვით, ეს კანონი ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა მიეღოთ, თუმცა პროცესი გაიწელა. ექსპერტების აზრით, ამ თემის ისევ წინ წამოწევა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემისას აგორებულმა საპროტესტო ტალღამ გამოიწვია. თუ ეს კანონი აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პარლამენტმა მიიღო, შესაძლოა ნებისმიერი მოქალაქე თანამდებობის პირების შეხედულებისამებრ „არასანდოთა სიაში“ მოხვდეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend