მთავარიმსოფლიოკავკასიაოპერაცია “შურისძიება” - კიდევ ერთი ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ოპერაცია “შურისძიება” – კიდევ ერთი ესკალაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის დასახლებებში აზერბაიჯანული დროშა ფრიალებს, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა.

ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად ერევანსა და ბაქოს შორის სამხედრო მოქმედებები პერიოდულად იმართება და 13 თებერვალს ბოლო ასეთ შეტაკებას სომხეთის კუთვნილი სიუნიქის პროვინციაში 4 სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

ბაქოში ამბობენ, რომ ეს იყო  “შურისძიების ოპერაცია”. მათი მტკიცებით, სომეხმა სამხედროებმა მათ პროვოკაცია მოუწყვეს.

ამ ინფორმაციას უარყოფენ ერევანში და ამბობენ, რომ აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს…

 

ეს მოვლენები კი ვითარდება ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების უპრეცედენტოდ გაუარესების ფონზე.

სულ ბოლოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა იმან, რომ ერევანი ახლახან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რიგით 124-ე სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო გახდა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კი იმყოფება ბრიუსელში, სადაც ჟოზეფ ბორელთან სომხეთ-ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარებაც, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესი, მათ შორის ბოლო შეტაკება. გუშინ სომეხი ჯარისკაცების მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის ცეცხლის გახსნა არასწორი იყო, აზერბაიჯანული მხარის მიერ დღეს მიტანილი საპასუხო იერიში კი ზედმეტი. მომხდარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ არმიას შორის დემილიტარიზებული ზონის შექმნის აუცილებლობას და ევროკავშირი მზად არის სამშვიდობო პროცესში უფრო აქტიური როლის შესრულებისთვის”, – ამბობს ჟოზეფ ბორელი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესების გათვალისწინებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დემოკრატიულ დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს. ამ მიმართულებით კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ბრიუსელის მიერ სომხურ-აზერბაიჯანული მყარი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის საფუძვლის ჩაყრაა.

კრემლის მიერ წარმოებული ეგრეთწოდებული სამშვიდობო პროცესის ფონზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს  დღემდე ორივე მხრიდან 50 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.

აზერბაიჯანული არმიის ჯარისკაცებს უკავიათ იმ მებრძოლების პორტრეტები, რომლებიც ყარაბაღის ომში დაიღუპნენ 2020 წელს, ბაქო, აზერბაიჯანი, 27 სექტემბერი, 2021 წელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend