„ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ – ეს ფრაზა როგორც ჩანს ყველასთვის გასაგებია, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარდა. ამ ფრაზის ტრამპისეული ვერსია კი დაახლოებით ასეთია – გადაიხდი გადასახადს? დაგიცავ… არ გადაიხდი? წავახალისებ თავდამსხმელს…
საარჩევნო კამპანიის დროს იწონებდა ნატოს პრინციპების ღალატით თავს დონალდ ტრამპი. რამდენად დაუჭერენ მხარს შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპს ჯერ უცნობია, თუმცა ევროპაში ამ სიტყვების მოსმენამ ბევრი დააფიქრა. განსაკუთრებით ევროპელი ლიდერები, რომლებიც ამ განცხადების მოსმენის შემდეგ ევროპის კონტინენტზე სამხედრო კავშირების გაძლიერებაზე იწყებენ მუშაობას და ამბობენ, რომ ევროპა მტკიცედ უნდა იდგეს, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ვიზიტის მიზანი ევროპაში პარტნიორებს შორის ურთიერთობების „გამოცოცხლებაა“.
დონალდ ტუსკის თქმით, ნატოს ალტერნატივა არ აქვს.
For nearly 75 years, NATO has been bringing together Allies from Europe and North America.
Check out these snapshots of big and small moments in each year of NATO’s history ↓#1NATO75years
— NATO (@NATO) February 10, 2024
”ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა არა 10 ან 15 წელში, არამედ მომდევნო თვეების განმავლობაში. ჩვენ ყველას გვჯერა რომ ევროკავშირი შეძლებს სამხედრო გაძლიერებას. ევროპა უნდა გახდეს უსაფრთხო კონტინენტი და ეს ნიშნავს, რომ ევროპის კავშირი, საფრანგეთი და პოლონეთი უნდა გახდნენ იმდენად ძლიერები, რომ დაიცვან საკუთარი საზღვრები, საკუთარი ტერიტორია, ასევე დაიცვან და მხარი დაუჭირონ საკუთარ მოკავშირეებსა და გაერთიანების მიღმა არსებულ პარტნიორებს. ალტერნატივა არ აქვს ევროპის კავშირს, ალტერნატივა არ აქვს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას, ალტერნატივა არ აქვს ნატოს. ალბათ, აქ, პარიზში, ყველაზე ნათლად ჟღერს სიტყვები ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერიდან“: ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის”, – ამბობს დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ნატოს პირობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეუზღუდავია.
”ყველა ერთისათვის და ერთი ყველასთვის. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნატოს მხარდაჭერის გარანტიაში პირობების შემოტანა უპასუხისმგებლო და სახიფათოა. და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის, არავის აქვს ევროპის უსაფრთხოებასთან თამაშის უფლება”, – ამბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
თეთრმა სახლმა, ევროპის ლიდერებმა და ნატომ დაგმეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში აშშ-მა შესაძლოა არ დაიცვას ალიანსის წევრები რუსეთის მხრიდან პოტენციური შეჭრისგან და განაცხადეს, რომ ნებისმიერი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნატოელი მოკავშირე ქვეყნები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ალიანსის უსაფრთხოებას და საფრთხის წინაშე აყენებს აშშ-ისა და ევროპის სამხედროებს.
რადოსლავ სიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე ტერორისტულ თავდასხმას იხსენებს..
”პოლონეთი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, მაგრამ დონალდ ტრამპს ჩემთან რომ ჰქონოდა საუბარი, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ნატო არ არის დაცვის კომპანია, რომელსაც დაიქირავებ. 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ პოლონეთმა ავღანეთში ათეული წლით გაგზავნა ჯარი. ვაშინგტონისთვის ჩვენი მხარდაჭერის სანაცვლოდ ფული არ მოგვითხოვია. ნატო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აძლიერებს, ისევე როგორც სხვა წევრ ქვეყნებს. იმედი მაქვს, ეს აზროვნება გაიმარჯვებს”, – ამბობს რადოსლავ სიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა სტეფან სეჟურნი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
“ბოლო დღეებში ყველამ შეძლო ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის კომენტარის მოსმენა ნატოს პრინციპებთან დაკავშირებით. მე არ შევწყვეტ იმის გამეორებას, რომ ნატო ყველა მისი წევრი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობს… აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, შეერთებული შტატების საკეთილდღეოდაც. ახლა მნიშვნელოვანია ევროპელების მზაობა, დონალდ ტრამპის მიერ მშვენივრად აღწერილი შოკისმომგვრელი სცენარის გასააზრებლად, ევროპაში ერთობლივად ვიმუშავებთ”, – ამბობს სტეფან სეჟურნი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ექსპერტების თქმით, დონალდ ტრამპის განცხადების მსგავსი განცხადებების მოსმენის შემდეგ ხშირად აგრესორი ქვეყნების წარმომადგენლებს აინტერესებთ, მართლაც, შეძლებენ თუ არა რომელიმე პატარა ევროპულ ქვეყანაზე თავდასხმას, სამხედრო ალიანსის მხრიდან საპასუხო იერიშის გარეშე. ხშირად ეს სურვილი სისრულეშიც მოჰყავთ. ექსპერტების თქმით, ნატოს შექმნამდე სწორედ ასე იწყებოდა მსოფლიო ომები.