მთავარისპორტიმსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში

მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებული მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში სკი კროსის დისციპლინით დასრულდა. დიდველის სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე ერთმანეთს 12 ქვეყნის 60 სპორტსმენი შეეჯიბრა. სკი კროსი თხილამურებით თავისუფალი სტილით სრიალის სახეობაა, როდესაც 4 ათლეტი ერთდროულად ეშვება ტრასაზე. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს და გარბენის დროს კარგად შეინარჩუნებს ბალანსსა და კონტროლს.

სკი კროსი 2010 წლიდან ზამთრის ოლიმპიური თამაშების სახეობაა. შეჯიბრება 9, 10 და 11 თებერვალს 3 ეტაპად ჩატარდა. პირველ დღეს საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა, მეორე და მესამე დღეს კი ტრასა უშუალოდ შეჯიბრებას დაეთმო.

პირველი სატურნირო დღის გამარჯვებული კაცთა თანრიგში შვეიცარიელი დევიდ მობერგი გახდა, მეორე დღის კი – იტალიელი სიმონე დერომედისი. ქალთა შორის პირველობა არავის დაუთმო კანადელმა მერიელ ტომფსონმა, რომელმაც შეჯიბრების ორივე დღე პირველი ადგილით დაასრულა. სპორტსმენებმა ამ ტურნირით მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მოიპოვეს.

“აქაური სათხილამურო ტრასა ძალიან მიყვარს. აქ შარშანაც გავიმარჯვე. ბაკურიანს ჩემი შესაძლებლობები ძალიან კარგად ერგება. გამარჯვების მოპოვება რთული იყო. ფიზიკურმა მომზადებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. ბაკურიანში შესანიშნავი ტრასებია. ერთადერთი ისაა, რომ შეიძლება ძლიერი ქარის პრობლემა იყოს, თუმცა დღეს სასრიალოდ შესანიშნავი ამინდი გვქონდა. მიმაჩნია, ბაკურიანს წინ შესანიშნავი მომავალი აქვს”, – ამბობს სიმონე დერომედისი, გამარჯვებული.

“შეჯიბრების ორივე ეტაპზე პირველი ადგილი დავიკავე, რაც ძალიან სასიხარულოა. მიმაჩნია, რომ დღეს უფრო კარგად დავეშვი. ძალიან გახარებული ვარ, რომ ბაკურიანიდან გამარჯვებული მივდივარ. შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავედი. ახლა კი ეს შედეგი გამოვასწორე. საქართველოში ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული, ხალხი ძალიან თბილად დაგვხვდა”, – ამბობს მერიელ ტომფსონი, გამარჯვებული.

შარშან ბაკურიანში წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები მსოფლიოს მასშტაბით რუკაზე მოინიშნა და ყოველწლიურად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები.

2025 წლის სეზონზე დაგეგმილია ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. წლევანდელი სეზონის შეჯიბრებების სერია მსოფლიო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დადებითად შეფასდა როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით.

“ბაკურიანში ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ორი ძალიან საინტერესო შეჯიბრება ვიხილეთ. აქაური მთები სკი კროსის შეჯიბრებისთვის შესანიშნავია. იმავეს თქმა შემიძლია გუდაურზეც. ასევე ვიცი, რომ საქართველოში არის სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებიც, რომლებსაც აუცილებლად შევისწავლით კიდევ უფრო კარგად. ვფიქრობთ, რომ საქართველოს საოცარი პოტენციალი აქვს მთის კურორტების მხრივ”, – აცხადებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი კლაუს ვალდნერი.

სკი კროსის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობდა ქართველი სპორტსმენი დავით თედიაშვილი.

წლევანდელი სეზონი ბაკურიანში 22 და 23 დეკემბერს გაიხსნა. შეჯიბრება ფრისტაილში, მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში ჩატარდა. 3 და 4 თებერვალს ესტაფეტამ სნოუბორდ კროსის შეჯიბრით გუდაურში გადაინაცვლა. ხოლო 10 და 11 თებერვალს კი სეზონი სკი კროსის მასპინძელმა ბაკურიანმა წარმატებით და დადებითი შეფასებებით დახურა.

ღონისძიება გადაიცემოდა საერთაშორისო სტრიმინგპლატფორმებზე, მათ შორის “ევროსპორტზე”, ადგილზე კი გულშემატკივრები და პატარა მაყურებლები ამხნევებდნენ სპორტსმენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend