მთავარისაქართველოკატასტროფების მართვა - რა წერია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში

კატასტროფების მართვა – რა წერია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში

ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს შემუშავდეს სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის განვითარებისა და მოდერნიზაციის საერთო სტრატეგია, გაუმჯობესდეს ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილების სისტემები.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველომ განიცადა გარკვეული პროგრესი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკის მართვის განვითარების კუთხით, კერძოდ:

· განვითარდა რისკის მართვის სისტემის შესაძლებლობები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე;

· მოქმედებს 24-საათიანი ოპერატიული სამსახური, რომელიც ევროკომისიის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრთან თანამშრომლობს;

· ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული კატასტროფის რისკის მართვაში ჩართული სხვადასხვა ჯგუფების თუ დანაყოფების როლი და პასუხისმგებლობები;

· განახლდა სასწავლო პროგრამა;

· 6 მუნიციპალიტეტში შემუშავდა ადგილობრივი დონის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა;

ამ შეფასებებზე დაყრდნობით საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, ჩანს, რომ ქვეყანას აქვს აღებული პასუხისმგებლობა, გააძლიეროს კატასტროფის რისკის მართვის სისტემები.

თუმცა არის რამდენიმე მიმართულება, სადაც ჯერ კიდევ ხარვეზებია და ამ ხარვეზების აღმოფხვრას მოელის ევროკომისია საქართველოსგან მიმდინარე წლის განმავლობაში:

  1. შემუშავდეს სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის განვითარებისა და მოდერნიზაციის საერთო სტრატეგია, სადაც ხაზგასმულად პრიორიტეტული იქნება მზადყოფნა და პრევენციული ზომები;
  2. გაუმჯობესდეს ქვეყნის წინასწარი გაფრთხილების სისტემები.

რაც შეეხება გარემოსა და კლიმატის ცვლილების სფეროს, გაფართოების ანგარიშის თანახმად, ამ მიმართულებით საქართველო მომზადების საწყის ეტაპზეა.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა გარკვეული პროგრესი, თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია გარემოსდაცვის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა.

ანგარიშში გაწერილი რეკომენდაციების თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში ევროკავშირი საქართველოსგან მოელის, რომ ქვეყანა შეიმუშავებს კლიმატის კანონს, რომელიც კლიმატის ცვლილებით თუ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მართვაზე იქნება ფოკუსირებული და აგრეთვე, უზრუნველყოფს ამ ცვლილებების თანმიმდევრულ და დროულ განხორციელებას.

გარდა ამისა, ევროკავშირი მოელის, რომ საქართველო მეტად ამბიციურ მიზნებს დაისახავს გარემოსდაცვითი და კლიმატის პოლიტიკის შემუშავების დროს.

გარემოსდაცვითი და კლიმატის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის კატასტროფების რისკის მართვის პოლიტიკა მეტწილად პრევენციული, დროული რეაგირების და ეფექტურ აღდგენით სამუშაოებზეა აგებული.

ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის ფარგლებში 27 წევრი ქვეყანა და დამატებით კიდევ 10 პარტნიორი ქვეყანა რეგულარულად ცვლის ინფორმაციას ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესახებ. ქვეყნები ატარებენ ერთობლივ წვრთნებს, თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნების სამაშველო გუნდები იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ისეთი ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც ერთზე მეტ ქვეყანას დააზარალებს.

ზოგადად, რისკის მართვის ზომები ევროკავშირის პოლიტიკის სხვა ძირითად სფეროებშიც არის გათვალისწინებული, როგორებიცაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა თუ სხვა.

ევროკავშირი სისტემურად იმუშავებს პოლიტიკას, რომელიც პრევენციასა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებაზეა ფოკუსირებული და სწორედ ამ მიმართულებით საჭიროებს საქართველოც დამატებითი ნაბიჯების გადადგმას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend