მთავარიევროპაუკრაინაახალი მთავარსარდალი - რატომ შეცვალეს ზალუჟნი?

ახალი მთავარსარდალი – რატომ შეცვალეს ზალუჟნი?

გენერალი ზალუჟნი ბახმუტის დაცვის ბრძოლებთან დაკავშირებულმა ოლეკსანდრ სირსკიმ შეცვალა.

ვინაა გენერალი სირსკი და რატომ ეძახიან მას “ყასაბს” ბახმუტიდან…

მეორე ბახმუტად დასახელებული ავდიივკის სრული დაკავებისთვის რუსეთის საოკუპაციო არმია შეტევებს არ აჩერებს. სწორედ ავდიივკისა და ბახმუტის ბრძოლებთანაა დაკავშირებული ორი უკრაინელი გენერლის – სირსისა და ზალუჟნის სახელები…

უკრაინის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ავდიივკაში რუსული იერიშების გააქტიურების ფონზე ჯერ კიდე გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ რუსეთი ეცდება ახალი ბახმუტი შექმნას ავდიივკის ფლანგზე.

ზალუჟნი თვლიდა, რომ ამ შემთხვევაში მთავარი იყო სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნება. საერთაშორისო მედიის ცნობით, ზალუჟნის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთთან, რაც სწორედ უკრაინის არმიის კონტრიერიშს უკავშირდებოდა. იყო მოლოდინი, რომ უკრაინული არმიის კონტრშეტევა იქნებოდა უფრო ეფექტიანი და ძლიერი. თუმცა ეს ასე არ მოხდა. მართალია, უკრაინულმა არმიამ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე გაარღვია რუსული წინააღმდეგობა, მაგრამ ტემპი არ იყო მოსალოდნელის მსგავსი. სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ წარუმატებელი კონტრიერიშის გამო დაიწყო უთანხმოება პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ გენერალ ზალუჟნის შორის.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ზალუჟნი შეიარაღებულ ძალებში მისი ავტორიტეტის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის კონკურენტადაც მოიაზრებოდა. თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, ზელენსკის მიზანს სამხედრო ხელმძღვანელობის სისტემური განახლება წარმოადგენდა, რათა ფრონტზე უკრაინული იერიშების სტაგნაცია შეჩერდეს. ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოვალეობას 2021 წლის ივლისიდან ასრულებდა….

“ყასაბი” ბახმუტიდან – ასე მოიხსენიებდნენ გენერალ სირსკის მისი ოპონენტები სწორედ მკაცრი და სასტიკი დამოკიდებულების გამო, რის შედეგადაც რუს ოკუპანტებს დიდი ძალისხმევის ხარჯზე მოუწიათ ქალაქ ბახმუტის აღება. თუმცა დიდი იყო მსხვერპლი უკრაინულ არმიაშიც.

გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაუდგა სათავეში. უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ამ საკადრო ცვლილებას საერთაშორისო მედიის ცნობით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა უკრაინის არმიაში.

გენერალ-პოლკოვნიკი სირსკის სახელი ასევე კიევის თავდაცვის ოპერაციებს უკავშირდება. მისი სახელია დაკავშირებული ხარკივის წარმატებულ კონტრშეტევასთან. როგორც სხვადასხვა სამხედრო ბლოგზე წერენ, სირსკი რიგით უკრაინელ სამხედროებში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს. მას თვლიან საბჭოთა ყაიდის გენერლად, რომელიც სამხედრო მიზნის მისაღწევად ყველა მეთოდს იყენებს.

გენერალი სირსკი ახალ თანამდებობამდე უკრაინის სახმელეთო ძალებს მეთაურობდა, 2022 წელს მას უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ასე დაახასიათა გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი: „ესაა ყველაზე გამოცდილი სამხედრო მეთაური…“

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend