მთავარისაქართველოაბდის გზა სომალიდან საქართველომდე

აბდის გზა სომალიდან საქართველომდე

აბდი სომალიდან არის. ის უკვე 7 წელია საქართველოში ცხოვრობს და ჰუმანიტარული სტატუსით სარგებლობს, რომლის მოსაპოვებლადაც მან რთული გზა გაიარა. აბდი ამბობს, რომ მისი ცხოვრება საქართველოში დღემდე არასტაბილურია.

„ქვეყნის დატოვება მომიწია იმიტომ, რომ აქტივისტი ვიყავი, საჭიროებების მქონე ადამიანებს ვეხმარებოდი. მე და ჩემი მეგობრები ვაგროვებდით ჰუმანიტარულ დახმარებას, საჭმელსა და ტანსაცმელს არა მარტო ჩვენს ქალაქში, არამედ ქალაქგარეთაც. ჩვენი საქმიანობის შესახებ გაიგო ტერორისტულმა ჯგუფმა „ალ-შაბააბმა”. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ სამთავრობო ხელმძღვანელობით ვმუშაობდით, რის გამოც სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდნენ. ამიტომ გამოვიქეცი ჩემი ქვეყნიდან“, – ამბობს აბდი.

აბდის მსგავსად საქართველოში 1535 საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ცხოვრობს, მათ შორის 1026 ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირია. ეს სტატუსი ენიჭებათ პირებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ძალადობისა თუ სხვა ტიპის კონფლიქტის გამო სამშობლო დაეტოვებინათ, რის გამოც მათთვის ქვეყანაში დაბრუნება საფრთხისშემცველია.

სახელმწიფო ჰუმანიტარულ სტატუსის მქონე პირებს დროებითი საცხოვრებლითა და მინიმალური ფინანსებით ეხმარება, რაც თვეში 45 ლარს შეადგენს.

„„ჩვენ გვაქვს თავშესაფარი მარტყოფში, სადაც თავშესაფრის მაძიებელი პირების  განთავსება ხდება, აქ არის ოთახები ოჯახური და ინდივიდუალური საცხოვრებლისთვის, თუმცა ადგილები ხშირად არ არის საკმარისი. თუ პირი მიიღებს ჰუმანიტარულ სტატუსს, მათ აქვთ უფლება მიიღონ 45 ლარი თვიურად. ჰუმანიტარული სტატუსის მიღების შემდეგ პირებს მარტყოფის ცენტრში ცხოვრების უფლება აღარ აქვთ“, – ამბობს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური.

ხშირად მათ, ვინც ამ სტატუსს ითხოვს, საქართველოს სახელმწიფო უარს ეუბნება. მაგალითად, 2022 წელს 1323 საქმე განიხილეს, რომელთაგან  822 პირს უარი განუცხადეს. უარის საფუძვლები ძირითად შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელი საბუთებია. ასეთ შემთხვევებში თავშესაფრის მაძიებლებს ეხმარებიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „უფლებები საქართველო“.

„2019 წლის იანვრიდან მოყოლებული ორგანიზაციამ არაერთ ბენეფიციარს გაუწია დახმარება. უარის დროს ბენეფიციარს შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოში. მათ უფლება აქვთ მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება და არ არიან ვალდებულები გადაიხადონ ბაჟი სასამართლოში“, – ამბობს „უფლებები საქართველოს“ იურისტი ნინო ხიცაძე.

აბდისაც „უფლებები საქართველო“ დაეხმარა ჰუმანიტარული სტატუსის მოპოვებაში, რის შემდეგაც მან სხვა ლტოლვილებთან ერთად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია Echo of Diversity, რომელიც ლტოლვილთა მიერ მართული პირველი ორგანიზაციაა საქართველოში. თუმცა მცირე წარმატებების მიუხედავად, აბდი საქართველოში ბევრ პრობლემას აწყდება და ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს…

„ყოველთვის მომავალზე ვფიქრობ, მე-7 წელია აქ ვარ და მყავს მეგობრები, რომლებიც საქართველოში უკვე 10 ან 10-ზე მეტი წელია ცხოვრობენ და მაინც ვერ აღწევენ მოქალაქეობის მიღებას. ვშიშობ, რომ შეიძლება გავფლანგო ჩემი დრო და ცხოვრება აქ და მაინც ვერ მივიღო მოქალაქეობა, ან სულაც ქვეყნის დატოვება მომიწიოს. ყოველთვის ვფიქრობ უკეთეს ცხოვრებაზე. ჩვენი ცხოვრება აქ არასტაბილურია. მუდამ გადარჩენაზე ვფიქრობ….“ – ამბობს აბდი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend