მთავარიეკოლოგიამოხევისა და მეცნიერების სადარდებელი

მოხევისა და მეცნიერების სადარდებელი

იშვიათად თუ შეხედავს ათასწლოვან კლდეებს 77 წლის მოხევე. არადა, ვინ იცის, რამდენჯერ უვლია ამ ქარაფებზე წლების წინ. რამდენჯერ შემოუვლია ეს მყინვარები და ხეობები. იქ წასასვლელად ჯანი აღარ მომყვებაო, ამბობს შალიკო ქირიკაშვილი. და მართლაც, რთულია ამ ველურ ბუნებაში ახალგაზრდული გამბედაობა. სახიფათოა მთებში უწინდებურად მარტო წასვლა, მაგრამ მოხევეებისთვის სწორედ ეს არის აქაურობის მთავარი ხიბლიც.

„მოხევე კაცსა, რომელსაც გულზე სამება და მყინვარწვერი ასვენია, ის სხვაგან ვერც იცოცხლებს და ვერც იცხოვრებს. ამაზე ლამაზი არაფერია. და თერგიცა კაცო… რომ იტყვიან ხოლმე, ადგილობრივ კურდღელს ადგილობრივი მწევარი სჭირდებაო. თერგს ყოველთვის უფრთხილდებოდნენ მოხევეები. იციან ამის ფასი. შეიძლება სარწყავად ვერ გამოიყენო, როგორც მაგალითად, კახეთში ალაზანს იყენებენ ვენახების მოსარწყავად, მაგრამ ეს გულს გიხარებს. თერგი რბის, თერგი ღრიალებსო რა… ჯერ მხოლოდ უნდა უყურო და ისიამოვნო“, – ამბობს სოფელ გველეთის მკვიდრი შალიკო ქირიკაშვილი (სტილი დაცულია).

აღარ ბობოქრობს თერგი დარიალის ხეობაში – სახე იცვალა, დაპატარავდა… თევზიც გაიშვიათდა მდინარეში. შალიკო ქირიკაშვილმა კალმახი სპეციალურ აუზში მოაშენა. ვეღარც თევზს დაიჭერ თერგში ადრინდელივითო, გვეუბნება მოხევე. აქ წლებია საუბრობენ ამის მიზეზებზე. ზოგი გარემოსა და კლიმატის ცვლილებას აბრალებს, ბევრიც ადამიანის უხეშ ჩარევას ბუნებაში. აი, შალიკო ქირიკაშვილი ფიქრობს, რომ ვერანაირი სტიქიური მოვლენა ვერ ავნებს გარემოს ისე, როგორც ადამიანი.

„ერთმანეთზეა ყველაფერი ბუნებაში დამოკიდებული. ის იმას იცავს, ის იმას… ბოლოს კი ამ ყველაფერს ადამიანი ანადგურებს. ჯიხვი რომ მოვიდეს აქა და საძოვარი არ ჰქონდეს, რა უნდა, რა გააჩერებს ჯიხვსა? არიან ისეთი უგუნური ადამიანები, რომ მაგალითად, ცეცხლს წაუკიდებენ მთასა, როცა ხმელობა არის, ქუჩის ბალახი რომ იწვის. რომ მოვა ჯიხვი და საძოვარი არ დახვდება, რა გააჩერებს, წავა… ბუნების ხელყოფა ძალიან არასასიამოვნოა“, – გვეუბნება შალიკო ქირიკაშვილი (სტილი დაცულია).

მოხევეები კარგად ამჩნევენ, როგორ შეიცვალა აქ წლების განმავლობაში ბუნება, ადამიანის ჩარევით, თუ ადამიანისგან დამოუკიდებლად. მაგალითად, როგორ შეიცვალა ამინდი, ჰაერის ტემპერატურა, ნიადაგი… ყაზბეგში ბევრი რამ აღარ არის ძველებურად.

„ჩემს ბავშვობაში აქ ძალიან დიდი თოვლი მოდიოდა. მე ადრე ცდოში ვცხოვრობდი, მანდ 4 კლასამდე იყო სკოლა, მე-5 კლასიდან კი 4 კილომეტრს ფეხით დავდიოდით სხვა სკოლაში. მახსოვს, იმდენი თოვლი მოდიოდა, გამოჰყავდათ ხალხი და ნიჩბებით ჭრიდნენ გზას. ეხლა სადღაა ეგეთი თოვლი… აი, ეს მყინვარი კიდევ დნება. დნება, იშლება… ერთი მხარე ჩამაიშალა. არ შეგიმჩნევიათ? ჩამაიშალა“, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ანზორ წიკლაური (სტილი დაცულია).

ძვირად უჯდებათ მოხევეებს მყინვარების ჩამოშლა… ყაზბეგში ბევრი მყინვარული ღვარცოფი ახსოვთ… ბოლოს აქ დამანგრეველი სტიქიური მოვლენა 2014 წელს მოხდა – ჯერ 17 მაისს, შემდეგ კი უფრო მძიმე შედეგებით 20 აგვისტოს. ყაზბეგში დღემდე არ ავიწყდებათ ის გამაყრუებელი გუგუნი, რომელიც მყინვარ დევდორაკის ჩამოშლასა და მდინარე თერგის შესართავთან მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა. 10 ადამიანი ემსხვერპლა ღვარცოფს. სრულად ჩაიკეტა მთავარი საავტომობილო გზა და მნიშვნელოვნად დაზიანდა გაზსადენი, რომლითაც სომხეთს მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი.

„აი, ეს შავი ნაკადი რაც არის, იქიდან მოწყდა იმხელა მასა, წამოვიდა ყინული, ქვა-ღორღით, საათში მოდიოდა 250-300 კილომეტრ-საათი სიჩქარით. იქიდან წამოსული მასა მოვიდა ამ ადგილზე. აი ეს ტერიტორია მთლიანად დაფარული იყო. დაბლა კიდევ ყინულია, ბოლომდე არ არის დამდნარი, კიდევ იწევს გზა. ჩვენ ვიცოდით აქაურებმა, რომ ეს ოდესღაც რაღაცას იზამდა. ადრე ლეგენდასავით იყო ამბავი და ვიცინოდი კიდეც, რეალურია, თუ არა-მეთქი. ჯერ კიდევ 1832 წელს დევდორაკი რომ გამოვიდა, ძროხები ჰაერში დაფრინავდნენო. მეცინებოდა… ახლა ამისი სიჩქარე რომ გაიზომა 300კმ/სთ სიჩქარე იყო. მართალია, ძროხა ჰაერში ვერ იფრენდა, მაგრამ კი წააქცევდა. ქარით მოდიოდა ეს ღვარცოფი“, – იხსენებს ადგილობრივი მკვიდრი იაგო კაზალიკაშვილი.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია ბუნებრივი კატასტროფის შეჩერება… და იმასაც ამბობენ, რომ ზოგჯერ სიკვდილიც გარდაუვალია ასეთ დროს. მაგრამ არასდროს მთავრდება ბრძოლა დამანგრეველი სტიქიებისგან მიყენებული ზიანისა თუ მისგან გამოწვეული რისკების შესამცირებლად. 2014 წელს ყაზბეგში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა კარგად აჩვენა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა ასეთი მოვლენების მართვაში. ისეთი ტექნოლოგიების, როგორებსაც განვითარებული ქვეყნები უკვე ათწლეულებია იყენებენ და როგორც უახლესი კვლევები ავლენს, მათი გამოყენების შემთხვევაში, მართლაც, რამდენჯერმეა შემცირებული მსხვერპლიც და ზიანიც – ესენია განგაშისა და ადრეული შეტყობინების სისტემები. საქართველოში სწორედ დევდორაკ-ამალის ხევია ჯერ-ჯერობით ერთადერთი ადგილი, სადაც განგაშის თანამედროვე მოწყობილობაა დამონტაჟებული. ეს სისტემა 2016 წელს შვეიცარიელი სპეციალისტების ჩართულობით აეწყო და რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდა. სისტემა შეტყობინებას მაშინ გასცემს, როდესაც სტიქიური მოვლენა გააქტიურებას იწყებს. სიგნალი შესაბამის სადგურში გადაიცემა წყალმოვარდნისა და ღვარცოფის შემთხვევაში. რეაგირებისთვის რამდენიმე წუთია გათვლილი, რაც სპეციალისტების შეფასებით, საკმარისი დროა იმისთვის, რომ მოსალოდნელი რისკების დაზღვევა მოესწროს.

„თქვენ ხედავთ განგაშის სისტემას, სადაც განთავსებულია ბაგირი. ამ ბაგირზე 2 რადარული ტიპის სენსორია, რომლებიც გადამზღვევია. ძირითადი ეს გახლავთ ბაგირზე დაკიდებული, მარტივი ენით რომ ვთქვათ, კლდოვანი მასა, ქვის ლოდები და გაწერილია მაქსიმალური ზღვარი, პირობითად, ეს იქნება ნებისმიერი ტიპის ღვარცოფი, ტურბულენტური თუ სტრუქტურირებული, ან ჩვეულებრივი წყალი, როდესაც მოხდება შეხება, იმ წუთას ავტომატურად რელე გააქტიურდება და გადასცემს უკვე განგაშის სიგნალს რადიო მოდულის მეშვეობით. ტელემეტრიულ სისტემად ვიყენებთ რადიოკავშირს, რადიოსიხშირეს. ქვემო წელში, სადღაც დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტია, უკვე უშუალოდ იქ გადაიცემა სიგნალი. მოდელირების შედეგად, წინასწარი შეფასებით რაც მოხდა გაანგარიშება, თერგამდე 2 წუთია დათვლილი, დარიალამდე კი 5 წუთი. აქ ასევე დამონტაჟებულია 2 წყლის დონის მზომი სენსორი, რომლებიც უშუალოდ მდინარის წყლის დონეს ზომავენ. ამ სენსორსაც მარტივი ალგორითმი აქვს გაწერილი და წყლის დონის მატების შემთხვევაში როგორც კი საგანგაშო სასიგნალო ნიშნულს მიაღწევს, ავტომატურად ირთვება განგაში“, – ამბობს ირაკლი მეგრელიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

განგაშის სისტემისგან განსხვავებულია ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პარამეტრების მონიტორინგის სადგურები, რომლებიც სენსორული მოწყობილობების საშუალებით იკვლევს ჰაერის ტემპერატურას, ტენიანობას, ატმოსფერული ნალექს, წნევას, ქარის სიჩქარესა და სხვა პარამეტრებს, რათა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პროგნოზი გაიცეს. თუკი განგაშის სიგნალი სტიქიური მოვლენის გააქტიურებისას ირთვება და რეაგირებისთვის რამდენიმე წუთია გათვლილი, გაფრთხილების/შეტყობინების სისტემა განსხვავებულად მუშაობს – ამ შემთხვევაში რამდენიმე საათით, ან რამდენიმე დღით ადრეც კია შესაძლებელი შესაბამისი პროგნოზის გაცემა მოსალოდნელი რთული ჰიდრომეტეოროლიგური მოვლენის შესახებ. პროგნოზი კი მოსახლეობას სხვადასხვა გზით შეიძლება მიეწოდოს – იქნება ეს ტექსტური შეტყობინება, სპეციალური შეტყობინება ტელე-რადიოსიხშირეებზე თუ სხვა. დევდორაკის ხევში მონიტორინგის სადგურიც არის და ასეთი დაახლოებით 200-ია ქვეყნის მასშტაბით. თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი ქვეყნის რთული რელიეფისა და კლიმატის გათვალისწინებით.

2023 წლის აგვისტოში კურორტ შოვის ტერიტორიაზე მყინვარული ღვარცოფის მოვარდნას დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ადგილას არ არის არც შეტყობინების და არც განგაშის სისტემები. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ რადგან ამ ტერიტორიაზე მანამდე მსგავსი მოვლენა არ დაფიქსირებულა და არც ამ მიმართულებით ჩატარებულა შესაბამისი კვლევები, შეუძლებელი იყო წინასწარ განსაზღვრულიყო შოვში განგაშისა თუ გაფრთხილების სისტემების საჭიროება.

„ამ სისტემის საჭიროება, რამდენად იყო იმ ადგილზე… ეს შემთხვევა იქ მანამდე არასდროს დაფიქსირებულა, ისტორიულად. მაგ ლოგიკით, ასეთი სისტემა აბსოლუტურად ყველა ხეობაში უნდა დამონტაჟდეს. ჩვენ უახლოეს პერიოდში, უკვე ძალიან მალე, გამოვაქვეყნებთ საბოლოო ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება ეს მოვლენა განხილული და მათ შორის იქნება მოცემული რეკომენდაციები შოვთან მიმართებაში, სად რა უნდა გაკეთდეს. განგაშის სისტემა არ არის გადაწყვეტილება იმისა, რომ თავიდან აგვარიდებს ადამიანთა მსხვერპლს, ამ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საინჟინრო გადაწყვეტილება. და თუ ესაც არ არის ალტერნატივა და ვერ ხერხდება, რომ დამცავი ნაგებობები გაკეთდეს, რაც გარკვეულწილად პრევენცია იქნება, ამ შემთხვევაში შესაძლოა გაიცეს რეკომენდაცია ადგილობრივების გასახლებისა და შეიძლება ეს იყოს გამოსავალი კონკრეტულ საფრთხის ზონაში“, – განმარტავს ირაკლი მეგრელიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

“კლიმატის მწვანე ფონდმა” გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად საქართველოსთვის 2019 წელს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დაიწყო მრავლობითი საფრთხისშემცველი ადრეული შეტყობინების სისტემების დასანერგად. შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები ისეთ ბუნებრივ მოვლენებზე იქნება გათვლილი, როგორებიც არის სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი, ძლიერი ქარი და გვალვა. ამ პროექტმა უნდა მოიცვას ადრეული შეტყობინების სისტემის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი. მათ შორის რისკის იდენტიფიცირება, მონიტორინგი, ანალიზი/პროგნოზირება და შეტყობინების გავრცელება. სპეციალისტები ამბობენ, რომ 2025 წელს, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, ქვეყნის 11 ძირითადი მდინარის აუზის არეალში, მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტს, ანუ თითქმის მილიონნახევარ ადამიანს, შეტყობინების უახლესი სისტემები დაიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან.

„ჩვენ ვმუშაობთ ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სადგურების გაფართოებაზე, ვმუშაობთ საფრთხეებისა და რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე, შესაბამისი რუკების მოდელირებასა და მომზადებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ეს ინფორმაცია რისკებისა და საფრთხეების შესახებ იყოს ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის, რისთვისაც ვნერგავთ საინფორმაციო სისტემას, რომელიც გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ეს იქნება ვებზე დაფუძნებული პლატფორმა, ნებისმიერ მოსახლეს შეეძლება შევიდეს ამ პლატფორმაზე და ნახოს ინფორმაცია, თავისი რეგიონის შესახებ, თუ როგორ არის საფრთხეები და რისკები გადანაწილებული“, – აცხადებს ქეთევან სხირელი, გაეროს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მართვის პროექტის კოორდინატორი.

როგორც ამ სფეროს სპეციალისტები გვეუბნებიან, ადრეული შეტყობინების სისტემები უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ბევრი სექტორის გამართულად მუშაობისთვის. მაგალითად, სოფლის მეურნეობისთვის, რა დროსაც თანამედროვე სისტემების ფუნქციონირება შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

„ვმუშაობთ საინფორმაციო სისტემაზე, რომელიც ფერმერებს მისცემს საშუალებას მიიღონ ინფორმაცია ამინდის შესახებ. ასევე პროგნოზები დაავადებების შესახებ და ასევე რჩევები ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე, რა დროს რა უნდა ჩაატარონ. როგორ უნდა მორწყან თავიანთი სავარგულები და ასე შემდეგ“, – ამბობს ქეთევან სხირელი.

კახა ბახტაძე, რომელიც ჩართულია სწორედ საფრთხეებისა და რისკების რუკების შემუშავებაში, ამბობს, რომ საკმაოდ ბევრი ტერიტორიაა მოქცეული მაღალი რისკის ქვეშ, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, ექსპერტის შეფასებით უმნიშვნელოვანესია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მოქალაქეების როლი და მათი სწორად ინფორმირებულობა, განსაკუთრებით რეგიონებში.

„ჩვენ როცა ამ კატასტროფულ მოვლენაზე ვსაუბრობთ, ეს არის წუთებისა და მაქსიმუმ ერთი-ორი საათის ამბავი, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. შესაბამისად, განსაკუთრებული აქცენტი სწორედ აი, ამ ადგილობრივ თემზე, მისი შესაძლებლობების განვითარებაზე, ცოდნასა და ცნობიერებაზე უნდა გაკეთდეს. ისინი უნდა იყვნენ მომზადებულები და თუ გარე ვიზიტორები მოდიან ამ ტერიტორიაზე, მათ უნდა შეძლონ ამ ადამიანების დახმარება. რომ რესურსები შეზღუდულია და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრევენციაზე ეს არის წინასწარ დახარჯული ფული იმისთვის, რომ რაღაც არ მოხდეს. და როცა შენ ითხოვ ფულს იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს დღეს, ხვალ ერთი წლის მერე, ათი ან ასი წლის მერე, ამ ფულზე რეაგირება იგივე მთავრობის მხრიდან, საკმაოდ თავშეკავებულია. ეს შეიძლება მოხდეს დღეს და შეიძლება მოხდეს დიდი ხნის მერე და მე ეს ფული დღეს რატომ დავხარჯო? და ეს თანხა არ არის ცოტა, საუბარია, მილიონობით ლარზე“, – ამბობს გეოგრაფი კახა ბახტაძე.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში, დედაქალაქის ცენტრში, დამანგრეველი სტიქია იყო. დაიღუპა ხალხი, დაიტბორა გზები, უდიდესი იყო ზარალი. არც განგაშის და არც ადრეული შეტყობინების სისტემა მაშინ იქ არ იყო. ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მოვლენიდან თითქმის 10 წლის შემდეგაც ვერ იქნება სათანადო რეაგირება მსგავს მოვლენაზე, თუკი შესაბამისი უწყებები გამართულად ვერ იმუშავებენ.

„მთავრობებს არ აინტერესებთ სტიქიური პროცესები, თუმცა მას შემდეგ, რაც ტრაგედია ხდება, მერე ექცევა ხოლმე ყურადღება. იგივე ხდებოდა მაგალითად იაპონიაში, თურქეთში, შტატებში… ხდება ტრაგედია და მერე ექცევა ყურადღება. ჩვენთან 2015 წლის 13 ივნისს მოხდა ტრაგედია, მაგრამ იგივე ტენდენცია გრძელდება ახლაც. დღესაც მიდის პროცესი, როდესაც დატბორვის არეალში მიზიდულობის ცენტრები იქმნება, იქ ბიზნესცენტრი იხსნება, სასტუმრო შენდება და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, ვერეს ხეობაში ჰიპოთეტურ სცენარში აეწყო ძალიან კარგი სისტემა, თავისი ფერდობის მონიტორინგით, მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პარამეტრების მონიტორინგით და გაიცა შეტყობინება, რომ წვიმა რომელიც ახლაა, პირობითად, ეს წვიმა გამოიწვევს გარკვეულ სტიქიურ პროცესებს, ანუ აქ დგება საკითხი, რომ მოსახლეობა უნდა გავიდეს, მაგრამ ვერეს ხეობაში გადის გზა, სადაც უმეტეს შემთხვევაში საცობებია. მე რომ მომივიდეს შეტყობინება, რომ წავიდე, სად უნდა წავიდე, ან დრო მეყოფა რომ გავიდე იქიდან? ეს გადის იმაზე, თუ რამდენად გამართულია სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე მე, როგორც მოქალაქემ, რამდენად ვიცი პროტოკოლი იმავე ევაკუაციის ან წყალდიდობის შემთხვევაში, როგორ უნდა ვუშველო თავს, ვიდრე მაშველი მოვა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი ასევე ამბობს, რომ ამ სფეროში კადრების მწვავე დეფიციტია. ის მიიჩნევს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების ჩართვა ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ სისტემების გამართულად მუშაობასა და მართვას ბევრი კვალიფიციური სპეციალისტი სჭირდება.

„ასეთი პროექტები, მონიტორინგის სისტემები ცალკე ვითარდება, უნივერსიტეტებში კი სულ სხვა მიმართულებით ვამზადებთ კადრებს და არ ვიცით, რა გავაკეთოთ. ეს პროექტი რომ დამთავრდება, შეიძლება დადგეს კადრების დეფიციტის საკითხიც, იმიტომ, რომ იქნება მონიტორინგის სისტემები და ვინ უნდა მოუაროს ამ სისტემას. თბილისიდან უნდა მოუაროს ყველამ? თუ რეგიონებში შეიძლება დადგეს კადრების საჭიროება. და რეგიონებში კადრები საიდან უნდა მომზადდნენ? რიტორიკული კითხვაა- უნივერსიტეტიდან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა ხდება, რა მოვამზადოთ, არც ჩვენ მოგვამზადეს“, – ამბობს ლაშა სუხიშვილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა და მათი გამართულად ფუნქციონირება ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და რომ სახელმწიფო ამ პროცესში ახალგაზრდა სპეციალისტების აქტიურად ჩართვასაც გეგმავს.

„სახელმწიფოსთვის ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, და ასევე ეს არის ფუნდამენტი, ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებისთვის. იმიტომ, რომ ინფორმაცია მოსალოდნელ პროცესების შესახებ სჭირდება, როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე ეკონომიკას, ასევე ენერგეტიკას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენთვის მთავარია მოქალაქეების ინფორმირება, უსაფრთხოება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებისთვის და მე ვიტყვი, რომ ეს არის ერთგვარი ფუნდამენტი. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ახალგაზრდა კადრების მოზიდვა. არაერთი ახალგაზრდა ავიყვანეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რომლებიც გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად ჩართული არიან საველე სამუშაოებში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კიდევ მეტი რესურსი გვჭირდება“, – აცხადებს ნინო თანდილაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

2018 წლის 6 ივლისს, სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ 2-3 წელიწადში ანუ დაახლოებით 2020-21 წლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა ექნებოდა. სპეციალისტების შეფასებით, 2024 წლის დასაწყისში, ადრეული შეტყობინების სისტემა ქვეყანაში ჯერ არ არის გამართული. ამ სფეროს წარმომადგენლები ახლა კლიმატის მწვანე ფონდის მასშტაბური პროექტის დასრულებას ელოდებიან, რათა 2025 წლის ბოლოდან შეტყობინების სისტემამ უკვე სრულყოფილად იმუშაოს.

„ბატონი მინისტრი, რომელიც 2018 წლეს ამ განცხადებას აკეთებდა, მეც ამ სამინისტროში ვმუშაობდი, შესაბამისად, სრულად ვარ თანამონაწილე იმ პროცესების, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ ადრეული გაფრთხილების სისტემების თვალსაზრისით. ადრეული გაფრთხილების სისტემები დღეს საქართველოს აქვს, ეს ყველამ მკაფიოდ უნდა იცოდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემები ქვეყანას აქვს. ეს სისტემა მოიცავს თანამედროვე სადგურებს, რომლებიც 200-ამდე ხეობაშია დაყენებული, მოიცავს თანამედროვე რადარებს. ასეთი ორია განთავსებული ქვეყნის მასშტაბით. მოიცავს სატელიტური და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზს, რის საფუძველზეც ჩვენ დღეს მოქალაქეებს ვაწვდით ინფორმაციას, მოსალოდნელი პროცესების შესახებ“, – ამბობს ნინო თანდილაშვილი.

კლიმატის ცვლილების შესახებ გასატარებელ მთელ რიგ რეფორმებსა და ვალდებულებებს საქართველოს არაერთი საერთაშორისო შეთანხმება თუ ხელშეკრულება აკისრებს. მაგალითად, ასეთია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელშიც კლიმატის ცვლილების შესახებ საადაპტაციო ღონისძიებებს დიდი ნაწილი ეთმობა. სწორედ ეს არის ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტი.

არავინ იცის, რა შედეგები მოჰყვება კლიმატის ცვლილებას წლების შემდეგ… შალიკო ქირიკაშვილის მთავარი ნატვრაა, რომ არასდროს დადნეს მარადიული თოვლი მყინვარწვერზე და რომ არაფრით შეიძლება, ბუნება ადამიანების გამო დაზიანდეს…

„ძირს თერგი აქაფებული ლამაზია… არა, ბუნების ხელყოფა არის ძალიან დიდი შეცდომა. ამას მე კი არ ვლაპარაკობ, ამას ლაპარაკობს მეცნიერება… ამას საუკუნოვანი დაკვირვებებით ლაპარაკობს ხალხი. არ შეიძლება“, – ამბობს შალიკო ქირიკაშვილი.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend