6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ბოლო საპრეზიდენტო მოხსენებით წარდგა პარლამენტის წინაშე.
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ევროინტეგრაციას დაეთმო. მან ევროპული გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იმაზე, რატომ არ შეიძლება თანამშრომლობა რუსეთთან. გააკრიტიკა ხელისუფლება, ყოფილი თუ მომავალი პრემიერ-მინისტრები, ისინი, ვინც ე.წ. რუსული კანონი წარადგინა და მხარი დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და პასუხისმგებლობა შეახსენა. თქვა, რომ დროა, დაპირისპირება დამთავრდეს და ყველას, ვისაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე გული შესტკივა მომავლის ქარტიის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.
„კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს, პირველ რიგში უსაფრთხოების გამყარების შესაძლებლობას. ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა. კანდიდატობა და ხვალ მოლაპარაკებების დაწყება კი ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონულ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ. მაშასადამე, ვხდებით იმ ევროპის უშუალო პარტნიორი, რომელმაც ბოლო პერიოდში აჩვენა ესოდენ სიმტკიცე და პრინციპულობა; აჩვენა, რომ ხვალინდელი უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონი სანდო და დასაყრდენი პარტნიორია. მისი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია ის, რომ სულ ახლახან მოახერხა დიალოგისა და დემოკრატიის მაგალითის მიცემა, სადაც კონსენსუსის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯნენ და არც კი განიხილებოდა უმრავლესობის დიქტატი…
2024 წლის ამოცანა ნათელია! ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია, რაც ჩვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, რამეთუ, მართლაც, უნიკალური შანსი გვეძლევა, არა მხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ…
მე როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია. მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?
მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას! თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია!
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით…“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებმა დაიკავეს.
„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, როცა რამდენიმე წლის წინ ყველა რეგიონში დავდიოდი სხვა ადამიანებთან ერთად და პირდაპირ, ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვიხვეწებოდი საქართველოს პრეზიდენტად ემიგრაციის სიმბოლოს წარმომადგენელი, პირველი ქალი პრეზიდენტი გვყოლოდა, რომ იმ გამოსვლას მოვისმენდი, რომელსაც ყველა ობიექტური დამკვირვებლის მიერ ერთი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა დაერქმეოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიტყვით გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა ერთობისკენ, რადგან ამბობს, რომ წარსულის დამარცხებისა და მომავალში გამარჯვების სხვა გზა ქვეყანას არ აქვს…
„მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი მხოლოდ ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ ეკუთვნის მათ, ვინც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ვეღარ იცავს ვერც ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, ვერც საკუთარ კულტურულ იდენტობას, ვერც ენას და ვეღარც მიწებს ძალადობრივი გასხვისებისგან. ამის სანაცვლოდ, წინ გვესახება ევროპაში ერთად შესვლის საიმედო და სანდო გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო მომავალი, ეს არის ჩვენი ხალხის ნება და ჩვენი ვალია, ეს ნება აღვასრულოთ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ანა ალელიშვილი