უსახლკარობა ევროპაში

ევროპაში უსახლკაროთა პრობლემის მოგვარებას უფრო რადიკალური მიდგომა სჭირდება

„რეალური ეკონომიკის“ ამ ეპიზოდში „ევრონიუსის“ რეპორტიორი პოლ ჰაკეტი არკვევს, თუ რამდენად ეფექტურია უსახლკარობის პრობლემის გადასაჭრელად სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში უბინაო ადამიანის თავიდანვე დაბინავება, სანამ ქუჩაში აღმოჩნდება და არა მას შემდეგ, რაც ის გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის მასშტაბით ყოველ ღამე თითქმის 900 ათას ადამიანს სძინავს ქუჩაში. სწორედ ამდენივეა ისეთი ქალაქების მოსახლეობა, როგორებიცაა მარსელი ან ტურინი. თუმცა ეს  მხოლოდ აისბერგის წვერია, უსახლკაროთა რიცხვი გაცილებით მეტია, მაგრამ ეს არ ჩანს, რადგან მათი გარკვეული რაოდენობა დროებით თავშესაფარში ცხოვრობს.

ევროპაში სულ უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ. ფაქტები აჩვენებს, რომ 2009 წლის შემდეგ ევროკავშირის მასშტაბით უსახლკაროთა რაოდენობა გაორმაგდა – მხოლოდ დანიასა და ფინეთში იგრძნობა პროგრესი. უსახლკარობის ყველაზე ხილული ფორმა ქუჩაში ძილია, თუმცა ევროპაში უსახლკარობის სხვადასხვა ფორმა გაჩნდა.

იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც სიდუხჭირის ან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო დაკარგეს საცხოვრებელი, ამ კატეგორიაში შედიან ოჯახურ ძალადობას გამოქცეული ქალები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ.

ღირსეული და ხელმისაწვდომი საცხოვრისი ამ პრობლემის მოგვარების მთავარი პირობაა.  2022 წელს ევროკავშირის ათიდან ერთი მოქალაქე საკუთარი შემოსავლის 40 პროცენტს ბინის ქირაში ხარჯავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფა ევროპის იმ 20 ძირითად სოციალურ უფლებაში შედის, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს განსაზღვრავენ, დღესდღეობით უამრავი ადამიანი ეძებს თავშესაფარს.

ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ესპანეთში უსახლკარობა 25 პროცენტით გაიზარდა.

ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა, სოციალური გარიყულობის ამ ექსტრემალური ფორმის აღმოსაფხვრელად რაღაც ეღონა. გამოსავალი საოცრად მარტივი გამოდგა: ქუჩაში მცხოვრები თითოეული ადამიანის დაბინავება.

განქორწინების შემდეგ კარლოსმა რამდენიმე წელი ქუჩაში გაატარა.  ახლა მას საკუთარი ბინა აქვს მადრიდის გარეუბანში იმ სოციალური პროგრამის წყალობით, რომელსაც „პირველ რიგში დაბინავება“ ჰქვია.

კარლოს მარტინეს კარასკო, დაბინავების პროგრამის ბენეფიციარი:

“ბინამ ჩემი ცხოვრება ყოველმხრივ შეცვალა, ყოველმხრივ. ის მშვიდი გახდა. ბევრი რამ, რაც ქუჩაში ცხოვრების დროს არ გაქვს ხოლმე, აღარ მაკლია.  თან სადილსაც თავად ვიმზადებ. აღარ მიწევს იმაზე ფიქრი, თუ სად გავრეცხო ტანსაცმელი და მე თვითონაც მშვენივრად ვრეცხავ. გარეთ მშვიდად გავდივარ, რადგან ვიცი, რომ უკან მოსასვლელი მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ“.

ტრადიციული სოციალური დახმარების მიდგომისაგან განსხვავებით, პროგრამა „პირველ რიგში დაბინავება“  ბინით უზრუნველყოფისთვის ადამიანისგან არ ითხოვს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, მაგალითად  სასმელზე ან ნარკოტიკებზე უარის თქმას. ახალი მიდგომის არსი ის არის, რომ დაბინავებული ხალხი უფრო ადვილად დგება გამოსწორების გზაზე, რადგან მათ სახლი აქვთ. ამიტომაც დაბინავება განიხილება როგორც უფლება და არა როგორც დამსახურებული ჯილდო.

“ეს გაცილებით უკეთესი სისტემაა. საერთო საცხოვრებელში, როგორც იცით, გარკვეული წესებია, საკუთარ სახლში კი იმას აკეთებ, რაც გსურს. აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრება მაქვს,“ – ამბობს კარლოსი.

კარლოსის მსგავსად, რიტაც რამდენიმე წელი ქუჩაში ცხოვრობდა. თუმცა ოთხ-ნახევარი წლის წინ ბინა მიიღო და მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

რიტა დე კასია ანდრადე, დაბინავების პროგრამის ბენეფიციარი:

“ახლა რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. როდესაც ქუჩაში გავდივარ, ხალხი პატივისცემით მექცევა, იმიტომ, რომ ადამიანი ვარ და მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ვარ. ახლა პეპელასავით დავფრინავ“.

რიტასა და კარლოსის ბინის ქირას ადგილობრივი მთავრობა იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს საბიუჯეტო ხარჯია, დაბინავების პროგრამის მომხრეები, რომლებსაც სურთ ეს პროგრამა მთელ ევროპაში ამოქმედდეს, თვლიან, რომ ეს მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში ხშირად გაცილებით იაფი გამოდის,  ვიდრე თავშესაფრის სისტემა.

არტურო კოეგო, Housing First Europe Hub-ის წარმომადგენელი:

„დაბინავების მოდელმა თავიდანვე გაამართლა ევროპაში რამდენიმე პილოტური პროექტის ფარგლებში, მაგრამ ეს ჯერ ზღვაში წვეთია.

ამ პროგრამას შეუძლია თვით პარადიგმა შეცვალოს და უსახლკარობის მართვის ნაცვლად ეს პრობლემა საბოლოოდ გადაჭრას“.

ორი არაკომერციული ორგანიზაცია Provivienda და Hogar Si – მართავს დაბინავების პროგრამის ინიციატივას ესპანეთში, მათ შორის მადრიდშიც. ამ პროექტს მადრიდის მუნიციპალიტეტი აფინანსებს ევროპის სოციალური ფონდის მხარდაჭერით.

გემა გალიარდო, ორგანიზაცია Provivienda-ის გენერალური დირექტორი:

„ევროპულ ფონდს ძირითადად ინოვაციური ინიციატივებისთვის ვიყენებთ, უსახლკაროების პრობლემა ინოვაციური გზით რომ გადაიჭრას. მეორე მხრივ, მისი დახმარებით ხელმისაწვდომი სოციალური საცხოვრებლის ფონდი იზრდება. ეს ორი ფუნდამენტური ფაქტორია ესპანეთში უსახლკარობის შესამცირებლად“.

ევროკავშირის ყველა ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ ევროპის სოციალურ ფონდ ESF+ –დან საკუთარი სახსრების სულ მცირე 25 პროცენტი დახარჯოს სოციალურ ინტეგრაციაზე, ხოლო 3 პროცენტი – სიდუხჭირის აღმოფხვრაზე.

უსახლკარობასთან ბრძოლის ევროპული პლატფორმაც ცვლილების გატარებას  ემსახურება.  მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე აღარ გამოაქვთ საკმარისი რაოდენობით ხელმისაწვდომი ბინები, ცხოვრება ძვირდება, მიგრაციის ნაკადი კი იმატებს, საკითხავია, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა მიმდინარე ტენდენციის მხარდასაჭერად?

უსახლკარობასთან ბრძოლის ევროპული პლატფორმის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თავმჯდომარეს, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივ ლეტერმი თვლის, რომ   „წევრი სახელმწიფოები  უნდა შეთანხმდნენ, თუ რა ტიპის პოლიტიკური ზომებია გასატარებელი არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რადგან ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ  წარმატებით გაართვა თავი ამ საკითხის მოგვარებას, სხვები კი ჩამორჩებიან“.

არსებულ ეკონომიკურ ვითარებაში პროგრესი არ იქნება ადვილი, მაგრამ როგორც ფაქტებმა გვაჩვენა, თუ სწორი პოლიტიკა გატარდა, ეს შესაძლებელია.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend